24 | 06 | 2017

ბოლო 3 წლის განმავლობაში 1 518 425 ლარი დაიხარჯა

გაზეთ „ჰო და არაში“ (#33 22 მარტი 2017წ.) გამოქვეყნდა ლანჩხუთის საკრებულოს წევრის ინტერვიუ.
გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში 2013-2016 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 361 571 ლარი დაიხარჯა, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხებიდან _ 1 099 101 ლარი, ხოლო სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩასატარებლად 57 753 ლარი გაცემული. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, აღდგა საერთო საცხოვრებელი სახლის სახურავი და ა.შ. ბოლო წლებში სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში მოხდა სოფლის ცენტრის რეაბილიტაცია, გრიგოლეთში მოეწყო გარე განათების სისტემა, ამავე პერიოდში მოხდა გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაცია, სოფელ მალთაყვაში მოეწყო მილხიდი, შეიღობა საყანე ფართობები, მოეწყო გარე განათება, გაიწმინდა სანიაღვრე არხები, შეიცვალა ამორტიზირებული წყლის რეზერვუარი და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდა შიდა გზების რეაბილიტაცია, რისთვისაც 110 472 ლარი დაიხარჯა. გრძელდება გულიანი- სუფსის გზის რეაბილიტაცია. უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოები, სწორედ სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში 4 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ასფალტი. გასულ წელს მოასფალტდა სუფსის ცენტრი, მოეწყო სკვერი და განათდა მიმდებარე ტერიტორია. ადგილი, სადაც მანამდე გადაადგილებაც კი შეუძლებელი იყო, ამჯერად ბავშვების (და არა მარტო მათთვის) განტვირთვის და დასვენების საშუალებას იძლევა. მოხდა გრიგოლეთის გაზიფიცირება.
2014 წლიდან დღემდე სოციალური დაფინანსების კუთხით სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთათვის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამიდან გაცემულია 15 832 ლარი; მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა _ 15 600 ლარი; მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებით თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა _ 7080 ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა _ 9400 ლარი; მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში 35 250 ლარია გაცემული. ამ პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია 134 პირს.
რაც შეეხება საბავშვო ბაღს, მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის გადაწყვეტილებით, სუფსაში დაგეგმილია საბავშვო ბაღის მშენებლობა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა და ბიუჯეტში მომხდარმა ცვლილებებმა დროებით შეაფერხა თანხის ჩამორიცხვა, რაც ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში გადაწყდება და ახალი საბავშვო ბაღი აშენდება ამ სოფელში ისევე, როგორც ეს მოხდა ნიგოითში, ლესაში, ჯურუყვეთში, შუხუთში და ა.შ. 
ბოლო წლების განმავლობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არაერთი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთდა. რესპონდენტს ნამდვილად ვერ დავეთანხმებით იმაში, რომ ქვეყანა თურმე თავზე გვენგრევა. ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ მოსახლეობას ყველა ის პრობლემა მოუგვაროს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. დარწმუნებული ვართ ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ბოლო დროს ჩატარებულმა არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მართალია პრობლემები არსებობს, 4 წლის განმავლობაში ყველაფრის ერთდროულად მოგვარება შეუძლებელია. მათ აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალურთან ერთად, ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია