24 | 08 | 2017

ბესიკის ქუჩაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია

გაზეთ „ჰო და არას“ 17 მაისის ნომერში (#56, 17.05.2017) დაიბეჭდა ბესიკის ქუჩის მაცხოვრებელთა კოლექტიური წერილი, რომელშიაც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ შესრულებული სამუშაოების გამო.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა ბესიკის ქუჩის მაცხოვრებლებს, მოუსმინა მათ და შესაბამის სამსახურებს მოსთხოვა, რომ დაავალონ სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციას ხარვეზების დროული აღმოფხვრა. ამას გარდა, ბატონი ზაზა მათ დაპირდა ისეთი სამუშაოების შესრულებას, რაც მართალია, პროექტით არაა გათვალისწინებული, მაგრამ მოსახლეობა მოითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ ბესიკის ქუჩაზე სანიაღვრე კვლების დამონტაჟების სამუშაოები შპს „სამკუთხედმა“ შეასრულა. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებითი 65 ათასი ლარია, ითვალისწინებდა სანიაღვრე არხებისა და სახიდე გადასასვლელების მოწყობას. ხოლო ქუჩაზე საფარის მოწყობის სამუშაოები შემდეგი ეტაპისთვისაა განსაზღვრული. 
პროექტის შესაბამისად, ქუჩაზე მოეწყო 882 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხები და ყველა ჭიშკართან გაკეთდა სახიდე გადასასვლელი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ შესრულებული სამუშაოები შემოწმებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. 
სამუშაოებს გააჩნია საგარანტიო ვადა. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შემსრულებელი ორგანიზაცია ვალდებულია აღმოფხვრას ისინი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია