29 | 06 | 2017

ქალბატონებს პრესოთერაპიის უფასო პროცედურა ჩაუტარდათ

ლანჩხუთში ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებს უფასო რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარდათ.

პრესოთერაპიის პროცედურა, რომლის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს, ლიმფოდრენაჟის აპარატით კეთდება. ქალბატონებს რეაბილიტაციის კურსს ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სკრინინგ პროგრამის ხელმძღვანელი, ფიზიკური რეაბილიტაციის ტრენერი, ეკატერინე მაისურაძე უტარებს.

როგორც ჩვენთან საუბარში ეკატერინე მაისურაძემ აღნიშნა, პრესოთერაპიის პროცედურა, არის აფსოლუტურად უსაფრთხო, სასარგებლო და გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელი. 
,,პოსტოპერაციულ პერიოდში ვლინდება მრავალი უსიამოვნო სიმპტომი: მოძრაობის ამპლიტუდის შეზღუდვა ნაოპერაციევ მხარეს, ზემო კიდურში და მხრის სახსარში, კუნთების ძალის დაქვეითება, წვა, ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა და დაბუჟება, შეშუპება, ლიმფოსტაზი და ა.შ. ამასთან, სერიოზული პრობლემაა პაციენტის დეპრესია-კიბოს დიაგნოზის და ქალისთვის ძნელად შესაგუებელი არასრულფასოვნების კომპლექსის გამო. სწორედ, ამ არასასურველი სიმპტომების დაძლევაში ეხმარება ქალბატონებს უნიკალური ლიმფო-დრენაჟის აპარატის საშუალებით ჩატარებული რეაბილიტაცია და უბრუნდებათ სრულფასოვანი ცხოვრების საშუალება. აღნიშნული პროცედურის ჩატარება აუცილებელია პაციენტისთვის წელიწადში 2-ჯერ“, აღნიშნა ფიზიკური რეაბილიტაციის ტრენერმა.

,,მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მსგავსი უფასო აქცია მხოლოდ ლანჩხუთში ტარდება, რაც ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელშეწყობით ხორციელდება. რეაბილიტაციის სრული კურსი, რომელიც 10-12 პროცედურას მოიცავს ამ ეტაპზე 30-მდე ქალბატონს ჩაუტარდა (ისევე როგორც გასულ წელს). საგულისხმოა, რომ საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა, 350-დან 500 ლარამდე, კლუბის ქალბატონებმა კი სრულიად უფასოდ მიიღეს მომსახურება. სასიხარულო ფაქტია, რომ ყველა ქალბატონს მაქსიმალური შედეგი აქვს. სწორედ ესაა ჩვენი კლუბის მიზანი, ქალბატონების როგორც ფიზიკური, ასვე ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია“, აღნიშნა ლანჩხუთის ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელმა, მზია კვირკველიამ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია