18 | 09 | 2019

შუხუთში ლელოს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და უმცროს ვაჟიშვილთან ერთად შუხუთში გამართულ ლელოს დაესწრო. წელს ამ თამაშის სანახავად უამრავი ადამიანი ჩამოვიდა. სტუმართა შორის იყვნენ:  ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, პარლამენტარი და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ბალავაძე, რწმუნებულ-გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გია გოგუაძე, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ლელოს უცხოელი თუ ქართველი ჟურნალისტები აშუქებდნენ.

„ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გატანას ნიშნავს. უკვე რამდენიმე წელიწადია ლელოს შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ. წლევანდელი სანახაობა იმით იყო გამორჩეული, რომ თამაშის დაწყებამდე შეკრებილ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა  მიულოცა და უსურვა, რომ არასოდეს მოშლოდეთ გურულებს ლელოს თამაში, რომელიც გასული საუკუნეებიდან იღებს სათავეს.

ბურთი სათამაშოდ შუხუთის წმინდა გიორგი ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა საბამ (ჟღენტი) ააგდო  და ლელოც გახურდა. ზემოურებისა და ქვემოურების ჭიდილში ზემოურებმა გაიმარჯვეს, მათვე გადაეცათ გარდამავალი თასი, ხოლო ბურთი კალე გოროზიას საფლავზე მიიტანეს.

საგანგებოდ იყვნენ ჩამოსულები ანსამბლები: „გორდელა“ და „ურსა“, რომლებმაც მაყურებელთა აღფრთოვანება დაიმსახურეს. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული ცენტრის ჭიდაობის სექციის საჩვენებელი გამოსვლა. მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელი იყო ქართული სამზარეულოს დაგემოვნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით იმდღევანდელმა ღონისძიებებმა შთამბეჭდავად ჩაიარა.



 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია