19 | 12 | 2017

პასუხი გამოქვეყნებულ წერილზე

გაზეთ „ჰო და არას“ #78-ში (07.07. 2017) გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას ქუჩის მაცხოვრებელთა წერილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძისადმი.
აღნიშნული წერილის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სანიაღვრე არხებისა და სახიდე გადასასვლელების მოსაწყობად პროექტი, რომლის ღირებულება 204 ათას ლარამდეა, დიდი ხანია მზადაა და მუნიციპალიტეტი ელოდება დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან.
შარშან ეს გზა მოიხრეშა შპს „არტმაქსის“ მიერ.
აქვე დავძენთ, რომ ქალაქის 40 ქუჩაზე არაა დაგებული შავი საფარი და ადგილობრივი ხელისუფლება ეტაპობრივად ცდილობს პრობლემის მოგვარებას.
ცნობისათვის, მხოლოდ გასულ წელს ქალაქის შვიდ ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე არხი, ხოლო აქედან ექვს ქუჩაზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი. საერთოდ კი, ამჟამინდელი ადგილობრივი ხელისუფლების პერიოდში ქალაქში 20-მდე ქუჩაა კეთილმოწყობილი. ეს კი პატარა რიცხვი ნამდვილად არაა.
მიმდინარე წლისთვის კიდევ ხუთ ქუჩაზე დაიგება შავი საფარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე ქალაქის არცერთი ქუჩა არ დარჩება რეაბილიტაციის გარეშე, მათ შორისაა ვაჟა-ფშაველას ქუჩაც.
აქვე დავძენთ, რომ არა მხოლოდ ქალაქში, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთაგან უმეტესობა გარდამავალია, ანუ გრძელდება შემდეგ წელსაც, არავითარი კავშირი არა აქვს არჩევნებთან და საქმეები არჩევნებამდეც კეთდებოდა და გაკეთდება შემდეგშიც.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა