19 | 12 | 2017

ვეტერანების მადლობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს

გადავწყვიტე ბოლო ხუთი წლის მანძილზე ლანჩხუთში ვეტერანებთან დაკავშირებით განხორციელებულ პროგრამებზე მესაუბრა და ერთგვარი ანგარიში ჩამებარებინა ადგილობრივი მოსახლეობისა და ვეტერანებისათვის.
ცხადია, მარტო ვერაფერს გავხდებოდი. რომ არა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური, რაც მთავარია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება და განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, გაჭირდებოდა ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება ვეტერანების დასახმარებლად. სწორედ ზაზა ურუშაძის კეთილი ნება, მის მიერ ვეტერანების პრობლემების გულთან ახლოს მიტანა და მაქსიმალურის გაკეთება დაგვეხმარა არაერთი პროგრამის განხორციელებაში. 
ზემოაღნიშნულის შედეგია ის, რომ ლანჩხუთის ლიდერი მუნიციპალიტეტია საქართველოში ვეტერანების დახმარების მხრივ. ჩვენი საქმიანობა დადებითად შეაფასა სამსახურის დირექტორმა, ბატონმა ვლადიმერ იმნაძე და მან პირადად გადაუხადა მადლობა ჩვენი მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძე.
ამ ეტაპზე ვერ განვახორციელეთ მხოლოდ ერთი საკითხი, გმირთა მემორიალის გახსნა, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისევ ზაზა ურუშაძის თანადგომითა და მხარდაჭერით, ეს სურვილიც განხორციელდება.
ლანჩხუთელი ვეტერანები მუდამ იდგნენ სამშობლოს სადარაჯოზე. ისინი დღესაც აქტიურად არიან ჩართულები ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში და დღესაც არიან გმირობისა და თავდადების უბადლო მაგალითები. გასახსენებლად თუნდაც მხოლოდ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის დროს, 2015 წლის 13 ივნისს, მათი საოცარი თავდადებაც კმარა, როცა ერთ-ერთი პირველები ჩავიდნენ დედაქალაქში და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინეს. ჩვენ პატარა ძალა არ ვართ. ჩვენი პოტენციალის ქვეყნისათვის სასიკეთოდ გამოყენება და ის, რომ დაგვიფასდეს განვლილი ცხოვრება თუნდაც მცირედით, ნამდვილად დასაფასებელია.
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს და ვიმედოვნებთ, რომ ვეტერანთა დახმარების პროგრამა არა მხოლოდ ასახული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში, არამედ თანხები ამ მხრივ გაორმაგდება კიდეც. აქაც ისევ და ისევ ზაზა ურუშაძის გვერდით დგომის იმედი გვაქვს.
ლანჩხუთი აქტიურად მუშაობს ვეტერანთა დასაქმების კუთხითაც. გამგებლის დახმარებით დასაქმდა რამდენიმე ვეტერანი და ეს ნაბიჯები კვლავაც გრძელდება. მასიური ხასიათი აქვს ვეტერანთა ერთჯერად სოციალურ დახმარებასაც. აქვე მინდა აღვნიშნო გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის, ქალბატონ თამარ ფირცხალაიშვილის გულისხმიერება და მადლობა გადავუხადო მას.
ჩემი მხრივ, თავს უფლებას ვაძლევ და ყველა ვეტერანის, განსაკუთრებით კი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერების გრძნობა გამგებლისადმი აქამდე გაწეული და უკვე გასაწევი დახმარებებისათვის.
პატივისცემით, შოთა ფირცხალაიშვილი
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენელი ლანჩხუთში
ხელს აწერს ასევე 40 ვეტერანი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა