19 | 12 | 2017

შინდისის გმირები

2008 წლის 11 აგვისტო ისტორიის ფურცლებზე შინდისელი გმირების თავგადასავლით იწყება. 17 გმირი, რომელმაც თავი გასწირა სამშობლოსათვის... დარჩათ შვილები, დედები, დები, აუხდენელი ოცნებები, იმედები....
მათ შორის ორი ლანჩხუთელი აღმოჩნდა, ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ერთიანი ძალისხმევით მათი ოჯახები, მეგობრები და ნათესავები დღეს შინდისში იმყოფებიან. იქვე არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები. უკვე მეცხრე წელია ტრადიციად იქცა შინდისში 17 გმირის ოჯახის შეკრება, დარდისა და საწუხარის გაზიარება... 
2008 წლის 11 აგვისტოს ომი თითქმის დასრულებული იყო. ოცეული შინ ბრუნდებოდა და რკინიგზის ლიანდაგს მიუყვებოდა. მოულოდნელად შინდისის სადგურთან რუსული ასეული შეეჩეხა. ბრძოლა გაჩაღდა, თუმცა უთასწოროდ... კბილებამდე შეიარაღებულ მტერთან ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. ქართველებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწიეს, თუმცა საბოლოოდ, უკანასკნელი ხელყუმბარა გამოიყენეს და ალყაშემორტყმულებმა გაისროლეს. 17 ქართველ ჯარისკაცთან ერთად ბევრი მომხვდურიც შეიწირა ამ ბრძოლამ.
ასე იქცნენ გმირებად ჩვენი ბიჭები. ასე იქცა შინდისი კიდევ ერთ ტრაგიკულ ადგილად, რომელმაც 17 ბიჭის სიცოცხლე შეიწირა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა