ირაკლი მახარაძე – გურულმა ცხენოსნებმა ამერიკელ კოვბოებს ჯირითი ასწავლეს

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 26 აპრილი 2012 18:40

მე–19 საუკუნის ბოლოს და მე–20 საუკუნის დასაწყისში გურულები პირველები იყვნენ საქართველოდან, რომლებმაც ამერიკის მიწას დაადგეს ფეხი და ამერიკელები თავიანთი ცხენოსნობით მოხიბლეს.

მას შემდეგ 120 წელი გავიდა. ამერიკაში დღეს უკვე იციან, რომ კენტავრებად მონათლული მოჯირითეები რუსი კაზაკები კი არ იყვნენ (როგორც წინათ თვლიდნენ და წერდნენ), არამედ ქართველი მხედრები გურიიდან.

კონორეჟისორ ირაკლი მახარაძეს დიდი დამსახურება აქვს გურული ცხენოსნების ხსოვნის წინაშე. ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ექსპონატები მან ჯერ წიგნში „უაილდ ვესთის მხედრები“, გამოიყენა, ხოლო შემდეგ ამ მასალების გამოყენებით იმავე სათაურის ფილმი გადაიღო.

გურული ცხენოსნების ამერიკაში მოგზაურობის 120 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელსაც ირაკლი მახარაძე,  აჭარის არქეოლოგიის მუზეუმის დირექტორი, პროფესორი ამირან კახიძე, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის წარმომადგენელი ირინა ღუდუშაური, საქართველოს კონსული ირანში რუბენ მორგოშია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი მახარაძე:

დღეს, როცა ამერიკასთან ოფიციალური ურთიერთობიდან 20 წელი გავიდა, გურული მხედრები კიდევ უფრო მეტად უნდა გავიხსენოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი იყვნენ პირველი დესპანები ოკეანისგაღმა ქვეყანაში, სადაც თავიანთი ხელოვნების წარმოჩენით თავი გამოიჩინეს. განსაცვიფრებელი იყო ისიც, რომ ცხენოსანთა შორის ქალები მამაკაცებს ტოლს არ უდებდნენ. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ გურულმა მოჯირითეებმა ამერიკელ კოვბოებს ჯირითი ასწავლეს და ამერიკაში უკვე იციან, რომ ისინი იყვნენ ქართველები გურიიდან. საერთოდ, გურულები განსაკუთრებული ხალხია, ისინი შეგიძლიათ ნახოთ ყველგან: ტყეში ფირალებად, რევოლუციის დროს – პირველ რევოლუციონერებად, მთავრობაში, ამერიკაში – მხედრებად და საერთოდ, თუ ხარ გურული, ხარ ქართველი და თუ ხარ ქართველი, უნდა იყო გურული. ერთი იდეა მაქვს: დავაარსოთ ფონდი, რომლის შემოწირულობებით გურულ მხედრებს მათ საკადრის ძეგლს დავუდგამთ და ამით პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება ყველაზე კარგი კაუჭი ტურისტების მოსაზიდად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გურულ ცხენოსნებს ახალგაზრდებში პოპულარიზაცია გაეწიოს.

პროფესორი ამირან კახიძე:

ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. მინდა გითხრათ, რომ გურულმა მხედრებმა ამერიკაში აჩვენეს ჩვენი თვითმყოფადობა, ჟინი, კოლორიტი და დასაფასებელია, რომ დღეს ლანჩხუთში მათ ხსოვნას ასე უფრთხილდებით. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას და მუზეუმს, რომელიც ასე იცავს თითეულ ექსპონატს. ჩვენმა ახალგაზრდობამ ერთგვარი საფასური უნდა გაიღოს თანამედროვეობის მიმართ, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს წარსული, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია.

თარიღთან დაკავშირებით ლანჩხუთში იმყოფებოდა ცხენოსანი ლუკა ჩხარტიშვილის ოჯახის რძალი, ნადია ჩხარტიშვილი, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა ირაკლი მახარაძეს:

ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ არ გავიწყდებათ გურული მხედრები. მადლობას გიხდით ლუკა ჩხარტიშვილის სახელით. თქვენი წყალობით ის დღესაც ცოცხალია.

საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე:

ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის და იმ წვლილისათვის, რომელიც ამ საქმეში გაქვთ შეტანილი. ჩემი თაობის ადამიანებისათვის ძალიან საინტერესოა იმის გაგება, რომ ჩვენმა წინაპარმა მხედრებმა ამერიკელ კოვბოებს ჯირითი ასწავლეს. ჩვენ ერთგვარ ვალში ვართ ამ ადამიანების წინაშე. ძალიან საინტერესო დღე იყო და მადლობა ამისთვის.

ღონისძიების პარალელურად, მუზეუმის მეორე დარბაზში გამოფენილი იყო ლანჩხუთელი თვითნასწავლი მხატვრის, დიმიტრი გოგუაძის ნახატები, რომლებსაც დიდი მოწონება ხვდა წილად.