19 | 12 | 2017

ლანჩხუთელი რაგბისტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი

ლანჩხუთის "გურიას" სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა გიორგი ფირცხალაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი რაგბიში - ლანჩხუთის "გურიასა" და დონის როსტოვის "დონს" შორის. გიორგი ფირცხალაიშვილი 1994 წელს დაიბადა. გიორგის მამა ქვიანელია, დედა - ეროვნებით რუსი. ოჯახი დონის როსტოვში ცხოვრობს, სადაც გიორგი სკოლაში შევიდა, შემდეგ კი - უნივერსიტეტის ლიცეუმში მოეწყო. იქვე დაიწყო ვარჯიში რაგბიში. წარმატებული და პერსპექტიული ჭაბუკი დონის როსტოვის სარაგბო გუნდში გადაიყვანეს, სადაც თავიდანვე გახდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. როგორც გიორგის ახლობლები და მეგობრები ამბობენ, იგი გამოირჩეოდა გურული იუმორით, კეთილშობილებითა და პატრიოტული სულისკვეთებით - არდადეგებს ყოველწლიურად საქართველოში ატარებდა. ოცნებობდა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კარიერა ქართულ გუნდში გაეგრძელებინა... სამწუხაროდ, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ, გიორგი 20 წლის ასაკში დაიღუპა. რუსმა სტუმრებმა ჩამოიტანეს სამახსოვრო ფილა და დაამზადეს გიორგის სურათი. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო აუქციონში, რომელიც ინვალიდი რაგბისტების მხარდასაჭერად ტარდება, აუქციონზე შეძენილი საათი გიორგის ოჯახს გადასცეს სამახსოვროდ. ტურნირის მონაწილეები კი, გიორგის მამამ - გიორგი ფირცხალაიშვილი უფროსმა დააჯილდოვა. შეჯიბრს დაესწრნენ ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, მისი მოადგილე ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს წევრები - ალეკო სარიშვილი, თემურ ალექსაია და ალექსანდრე მახათაძე. აღსანიშნავია, რომ გიორგის ოჯახის, მეგობრების, ქვიანის მოსახლეობის მხარდაჭერით და ლანჩხუთის სამღვდელოების ლოცვა-კურთხევით ქვიანში შენდება წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა