15 | 11 | 2019

მობილური იურიდიული დახმარება სასურველ ადგილას


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ჩიბათისა და ნიგვზიანის მოსახლეობას შეხვდა. მინისტრს თან ახლდნენ რწმუნებულ-გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გია გოგუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, გამგებელი გიორგი გოგუაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ხათუნა კალმახელიძის თქმით, სამინისტრო იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმას წარმატებით აგრძელებსგანვითარების ძირითადი მიმართულებები სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიით განისაზღვრა, რაც მიზნად ისახავს: იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, საზოგადოების ინფორმირებასა და გამჭვირვალობის ხელშეწყობას. ამ მიზნების მისაღწევად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან, ევროკავშირთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან.

მინისტრის თქმით, უფასო სამართლებრივი დახმარების მეტი ხელმისაწვდომობისათვის დაინერგა დამატებითი სერვისი - მობილური იურიდიული დახმარება მათთვის, ვინც ვერ ახერხებს სამართლებრივი რჩევისთვის რეგიონულ ოფისს მიმართოს ან ონლაინ კონსულტაციით ისარგებლოს.

მობილური იურიდიული დახმარებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა ერთობლივი განაცხადით უნდა მიმართონ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც მობილურ ჯგუფს გამოიძახებს. კვალიფიციური იურისტებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი (აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი მიკროავტობუსით, რათა მოქალაქეებმა იურისტებთან გასაუბრება კომფორტულ პირობებში შეძლონ) ჩავა ყველა დასახლებულ პუნქტში.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.



საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია