19 | 12 | 2017

მსჯელობა და მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს მორიგ სხდომაზე

დღეს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ ტაბიძემ დღის წესრიგი საკრებულოს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა. საკრებულომ დაამტკიცა დადგენილებაში ცვლილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“. ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მიღებისა და საქმისწარმოების განყოფილებაში გაუქმდა წამყვანი სპეციალისტის შტატი . საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო- სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“ . სააგიტაციო მასალის გასაკრავად განისაზღვრა კონკრეტული ადგილები და ასევე იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია.  „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, საკრებულომ ძალადაკარგულად გამოაცხადა დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ“ . ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ“. საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონება – ნაშთად დარჩენილი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი გადაეცა სახელმწიფოს უსასყიდლოდ. დღის წესრიგით განსაზღვრულ დანარჩენ საკითხების ირგვლივ საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ძირითადი საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულომ ,,სხვადასხვა“ საკითხების ფორმატში გააგრძელა მუშაობა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა