მხიარულთა და საზრიანთა კლუბი ათწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 01 მაისი 2012 15:25

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზირიანთა კლუბებს შორის შესარჩევი, შიდა რაიონული კონკურსი ჩატარდა, რომელშიაც ცხრა საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

კონკურსის ორგანიზატორია მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

მსკ კი ლადო აფხაზავას მიჰყავდა. ჟიურის წევრები იყვნენ: ზემოხსენებული სამსახურის უფროსი ირმა მგელაძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანაშია, ლაშა ჩხაიძე, გიგა აფხაძე და რეზო კვერენჩხილაძე, რომელიც პირველ დღეს ალექსანდრე იმნაიშვილმა შეცვალა.  ჟიური მონაწილეებს ხუთ ბალიანი სისტემით აფასებდა.

მსკ ორმა საჯარო სკოლამ, #2 და აცანის სკოლებმა დატოვეს,  #1, ნიგვზიანის, წყალწმინდის, ჩიბათის, სუფსის, ღრმაღელის და ნიგოითის საჯარო სკოლები მეოთხედფინალში გავიდნენ, რომელიც 29 მაისს გაიმართება. გამარჯვებული კი ქვეყნის მსკ-ის  შეჯიბრზე გაემგზავრება.

ჟიურის წევრებიცა და მონაწილეებიც კმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ლანჩხუთში მსკ–ს ჩატარების ტრადიცია აღდგა და ამიერიდან მსგავსი შეჯიბრი ხშირად გაიმართება.