18 | 12 | 2017

მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა გახდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ლანჩხუთელმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ მოიპოვა. ხუთი ფინალისტიდან გამარჯვებული გუშინ გამოვლინდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლადოს შესახებ წერს: ლადო აფხაზავა დაიბადა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2010 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. 2003 წელს მან დააფუძნა ბანაკი, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ. ბავშვებმა ბანაკს „ლადოს ბანაკი“ უწოდეს. სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას. მუდამ ცდილობს მრავალფეროვანი და განსხვავებული იყოს მისი გაკვეთილი. ამისათვის არ ერიდება გაბედულ ნაბიჯებს და მოსწავლეებს ხშირად სთავაზობს განსხვავებულ გარემოში გაკვეთილების ჩატარებას. მისი ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში. მას სწამს, რომ მასწავლებელს ყველა მოსწავლის დაინტერესება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ლადო ბევრს აკეთებს არამხოლოდ საკუთარი მოსაწავლეებისათვის, არამედ მთლიანად სკოლისათვის. მისი ბევრი აქტივობა თუ ინიციატივა მთლიანად სასკოლო საზოგადოებას მოიცავს. ამ მიზნით, სკოლის მასშტაბით მან წამოიწყო პროექტი „დემოკრატიული რევოლუცია“, რომლის მიზანია მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზება. იგი ასევე ცდილობს გაზარდოს მშობელთა და თემის ჩართულობაც და ამ მიმართულებითაც სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. არაერთმა მის მიერ ინიცირებულმა პროექტმა ფართო აღიარება მოიპოვა. მაგალითისთვის, პროექტს „ეთნო რძლები“ საერთაშორისო ჯილდოც გადაეცა. პროექტი მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად. მის საქმიანობას მუდმივად გამოარჩევს დევიზი „ბავშვი უპირველეს ყოვლისა“. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება მისი, როგორც პედაგოგიური მიდგომა, ასევე სამოქალაქო აქტივიზმი. აქედან გამომდინარე მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვა. მიუხედავად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, ის გულგრილად არასდროს ტოვებს ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებს, თანამშრომლობს სოციალურ სამსახურებთან, აქტიურად ეწინააღმდეგება სკოლის მოსწავლეთა სამუშაოებზე წასვლას თურქეთში და სასწავლო პროცესიდან მათ მოწყვეტას. აღსანიშნავია, რომ ლადო აქტიურად თანამშრომლობს კოლეგებთან არამხოლოდ საკუთარ სკოლაში, არამედ მთლიანად რეგიონის და ქვეყნის მასშტაბითაც. მუდამ მზადაა საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და თანადგომა გამოუცხადოს სხვა პედაგოგებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა