19 | 12 | 2017

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გაზეთ "გურია today"-ის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გაზეთ "გურია today"-ის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა, რაც ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება იყო საზოგადოებისათვის.
გამგებელმა 2013 წლიდან დღემდე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაკეთებულ საქმეებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე დახარჯულია 34 მილიონ ლარზე მეტი.
უმნიშვნელოვანესი პროექტები გაკეთდა აკეთში (სუფსის ნაპირსამაგრი სამუშაო), აცანაში (ადმინისტრაციული შენობის და მიმდებარე ტერიტორიის გამაგრება), გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა, საუკუნის პროექტად წოდებული სუფსა-გულიანი-ჩოჩხათის 11 კილომეტრიანი გზა და ა.შ. ამას გარდა, სრულიად მუნიციპალიტეტში დაიგო 100 კმ.ზე მეტი სიგრძის გზა; აშენდა ექვსი ახალი საბავშვო ბაღი, სრულად რეაბილიტირდა ორი, რეაბილიტაცია ჩაუატრდა 15 საბავშვო ბაღს. 
ზაზა ურუშაძის თქმით, ამ ხნის მანძილზე საბავშვო ბაღების ბიუჯეტი 680 ათასი ლარიდან (რაც წინა ხელისუფლების დროს იყო), ორ მილიონ ლარამდე გაიზარდა. 
ხუთ მილიონ ლარზე მეტია დახარჯული ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე.
"გასაკეთებელი კიდევ უამრავი რამაა, მაგრამ ფაქტია, რომ ვაკეთებთ და ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ გაგრძელდება" - აღნიშნა გამგებელმა.
ჟურნალისტებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს შეკითხვები დაუსვეს, რაზედაც ზაზა ურუშაძემ ამომწურავად ისაუბრა.
დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს ამ ხნის მანძილზე ობიექტური მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა