17 | 11 | 2018

ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ საბრძოლველად 60 ათასი ლარი გამოიყო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განსახილველად საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ წარმოადგინა.

ცვლილება შევიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში. ითქვა, რომ საკრებულოს აპარატში შეიქმნა ორი განყოფილება: საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის და საოქმო და საქმისწარმოების.

ასევე ცვლილება შევიდა ადგილობრივი შესყიდვების გეგმაში, ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად  და გამოსაფენად  გამოიყო სათანადო ადგილები. აღინიშნა, რომ პლაკატები კანონის თანახმად, გაიკვრება სკვერებსა და მოსაცდელებზე. რაც შეეხება კერძო ობიექტებს, იქ პლაკატების გაკვრა მხოლოდ მფლობელის თანხმობის შემდეგაა შესაძლებელი.

საკრებულოს თავმჯდომარის, რევაზ ჩიტიძის თქმით, ამერიკულ თეთრ პეპელასთან საბრძოლველად მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოეყო.

– შეწამვლა მოხდება როგორც სოლო აპარატით, რომელიც თითოეულ სოფელს მოიცავს, ასევე ტიფას ტიპის მანქანებითაც, რომელიც შიდა და ცენტრალურ გზებზე ჩამოივლის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივიღებთ ეფექტს, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი გოგუაძის ინფორმაციით, პარლამენტის აგრარული კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ლანჩხუთში ჩატარდა, ადგილობრივების მოთხოვნა იყო სოლო აპარატების გამოყოფა:

– ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინეს. შეწამვლის პირველი ეტაპი დაიწყება 25 მაისიდან, მეორე ეტაპი – ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში. მალე გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება შეწამვლითი სამუშაოები.

როგორც საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეთანხმებული პროექტები მზადაა და ინდ.მეწარმეებთან ხელშეკრულებები მალე გაფორმდება.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავას განცხადებით, მუნიციპალიტეტის სიმბოლიკების (გერბისა და დროშის) შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. ამიტომ აუცილებელია მისი  თავიდან ჩატარება, რის გამოც საკონკურსო კომისიამ განსახილველად კონკურსის ჩატარების ვადები წარმოადგინა. კონკურსი 11 მაისს გამოცხადდება, ნამუშევრების მიღება 11 ივნისის 18 საათამდეა შესაძლებელი, ხოლო გამარჯვებული 25 ივნისს გამოვლინდება.



 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია