08 | 12 | 2019

ლანჩხუთში „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ რეგიონული წარმომადგენლობა დაფუძნდა

 


ამის შესახებ განცხადება ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მენეჯერმა თინათინ ბერუჩაშვილმა ლანჩხუთში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

პრეზენტაციას დაესწრნენ: პოლონეთის ელჩი ურსულა დოროშევსკა, გამარჯვებულ ქალთა კლუბის ლიდერი ნარგიზ ლებანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები რევაზ ჩიტიძე და გიორგი გოგუაძე, ადგილობრივი კლუბის წევრები და მოწვეული სტუმრები.

 

სკრინინგ-ცენტრის მენეჯერის, თინათინ ბერუჩაშვილის თქმით, 2008 წელს თბილისში ჩამოყალიბდა გამარჯვებულ ქალთა კლუბი, რომელშიც  250 ქალია გაწევრიანებული. სკრინინგის პროგრამა მიმდინარეობს პირველი ლედის პატრონაჟით, მას აფინანსებს თბილისის მერია და გაეროს მოსახლეობის  ფონდი სპეციალური მემორანდუმის საფუძველზე. პროგრამაში ჩართული ქალბატონებისათვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურება უფასოა.

როგორც თინათინ ბერუჩაშვილმა გვითხრა, სკრინინგ-ცენტრის არსებობის მანძილზე შეიცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება სკრინინგ პროგრამების მიმართ, გაიზარდა  ნდობის ხარისხი. პროგრამის დაწყების დღიდან მკვეთრად  გაიზარდა  კიბოს ადრეული გამოვლენის შემთხვევები.  სახელმწიფოს მხრიდან გაიზარდა სკრინინგის ფინანსური მხარდაჭერა.

ქალბატონმა თინათინ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ლანჩხუთში გამარჯვებულ ქალთა კლუბის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა აუცილებელი იყო, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არა მათი მხარდაჭერა და ხელშეწყობა ეს საქმე კეთილად არ დაგვირგვინდებოდა, აღნიშნა ქალბატონმა თინათინმა და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას პრეზენტაციის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. თავის მხრივ, რევაზ ჩიტიძემ და გიორგი გოგუაძემ აღნიშნეს, რომ  სკრინინგ პროგრამის ამოქმედება მეტად მნიშვნელოვანია ლანჩხუთელი ქალბატონებისთვის, ხელისუფლება მზადაა ყოველთვის გაუწოდოს მათ დახმარების ხელი.

გამარჯვებულ ქალთა კლუბის რეგიონული წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს ლანჩხუთელი მზია კვირკველია, რომელიც თინათინ ბერუჩაშვილმა და ნარგიზ ლებანიძემ მკერდის ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში გამარჯვებული ქალის მაგალითად დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ სკრინინგ-ცენტრის ორგანიზებით თბილისიდან ჩამოსულმა ექიმებმა ლანჩხუთელ ქალბატონებს უფასოდ   ჩაუტარეს მამოლოგიური (40-დან 75 წლამდე) და გინეკოლოგიური (25-დან 70 წლამდე) გამოკვლევები.

სტუმრებმა დაათვალიერეს სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი და ეგნატე ნინოშვილის მემორიალური მუზეუმი.

პოლონეთის ელჩი ურსულა დოროშევსკა, სკრინინგ-ცენტრის მენეჯერი თინათინ ბერუჩაშვილი,  ნარგიზ ლებანიძე აღფრთოვანებაში მოიყვანეს ჯიხეთის მონასტერმა და არქიმანდრიტ ანდრიასთან შეხვედრამ. ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და საინტერესო შეხვედრა, დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის, _ აღნიშნა ურსულა დოროშევსკამ.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია