26 | 09 | 2018

რიგგარეშე სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული ხუთი საკითხი განიხილეს. საკრებულომ დაამტკიცა დადგენილებაში ცვლილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ . როგორც მომხსენებელმა, საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ განმარტა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტში დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის გამოიყო 3200000 ლარი. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წერილის საფუძველზე, პირველ ეტაპზე სტიქიით დაზიანებული ფიზიკური პირების სახლების სახურავების და ელ-გაყვანილობის მასალების შეძენისათვის მიიმართება 209 415 ლარი, ჯურუყვეთის ადმინისტრაციული შენობის სახურავის შეცვლასა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის დაზიანებული სახურავის აღდგენასა და ფასადის ნაწილობრივ შეფუთვაზე მიიმართება 62326 ლარი. ,,ბიუჯეტის ნაშთში მიმდინარე წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის N480 განკარგულებით, გამოყოფილი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხიდან ირიცხება აუთვისებელი თანხა 287328 ლარი და ადგილობრივი შემოსავლიდან 27313 ლარი, რაც თანადაფინანსების 5%-ს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე მიიმართება 59296 ლარი, მათ შორის განკარგულებით 46539 ლარი, საკუთარი შემოსავლით 12757 ლარი. ჯანდაცვის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიიმართება 78835 ლარი, მათ შორის განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან 73227 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტით 5608 ლარი; მდინარე სუფსაზე ნაგვის დამჭერის მოწყობის დაფინანსებაზე მიიმართა არაფინანსური აქტივების მუხლით 166436 ლარი, მათ შორის განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან 158114 ლარი, საკუთარი წყაროთი 8322 ლარი; საპროექტო დოკუმენტაციის და საამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის შესყიდვის მიზნით არაფინანსური აქტივების მუხლით დაფინანსება განისაზღვრა 10074 ლარით, მათ შორის განკარგულებით 9448 ლარი, საკუთარი სახსრებით 626 ლარი. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამის სოცუზრუნველყოფის მუხლი გაიზარდა 364 ლარით. ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები განხორციელდება 2018 წლის 1-ელი იანვრისათვის ბიუჯეტში არსებული ნაშთის ხარჯზე. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის და ერთჯერადი დახმარების პროგრამის სოცუზრუნველყოფის მუხლის 1000 ლარით შემცირების ხარჯზე გაიზარდა ამავე პროგრამის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლი 1000 ლარით“, აღნიშნა როლანდ ლაშხიამ. საკრებულომ დაამტკიცა დადგენილებაში ცვლილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ . ასევე დამტკიცდა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“. ზემოაღნიშნული გულისხმობს აღნიშნული დადგენილების ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. საკრებულომ ცნობად მიიღო სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ შექმნის შესახებ. აღნიშნულ ფრაქციას ზაზა წულაძე უხელმძღვანელებს. სხდომაზე ასევე საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს. კანდიდატად დასახელდა, საკრებულოს წევრი, ემზარ თევდორაძე, რომელიც ფარული კენჭისყრის შედეგად 26 ხმით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია