21 | 04 | 2018

ნინო წილოსანმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში მოსახლეობას ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის წარდგენას, მხარის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანგარიშის პირველ ნაწილში დეპუტატმა ისაუბრა პარლამენტში ფრაქციებსა და კომისიებში თავის საქმიანობაზე, საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობაზე. დეპუტატმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საპენსიო რეფორმაზე, ასევე იმ კანონპროექტებზე, რომლებიც მისთვის პრიორიტეტულია და ახალგაზრდების ჯანსაღ მომავალსა და გენდერულ თანასწორობას ეხება.

ანგარიშის მეორე ნაწილში წილოსანმა ვრცლად მიმოიხილა 2017 წელს მუნიციპალიტეტებში მისი ძალისხმევით განხორციელებული პროექტები.

წილოსანის ინფორმაციით, ბიუროსთან ერთად, აქტიურად მუშაობდა იმ მიმართულებებით, რომლებიც მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრებისა და მათი მომართვების საფუძველზე გამოიკვეთა.

კერძოდ, დეპუტატის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში მათთან კომუნიკაცია დაამყარა 2500-ზე მეტმა ამომრჩეველმა; კონსულტაცია გაეწია 1500 - ზე მეტ მოქალაქეს; მაჟორიტარმა სხვადასხვა უფლებამოსილ ორგანოსთან უშუამდგომლა 200-ზე მეტ მოქალაქეს; სხვადასხვა სახის დახმარება მიიღო 500-ზე მეტმა ადამიანმა; ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, ბიუროს შუამდგომლობით და მერიის დაფინანსებით, დაიხარჯა 70000 ლარზე მეტი; დეპუტატის ძალისხმევით, უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა 700-ზე მეტმა ადამიანმა; 5 მილიონი ლარით გაიზარდა შშმ პირების სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება; მაჟორიტარმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ
შორის არის გზების შეკეთება, სკოლების და სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, რომელიც 2017 წელს ჯამში 20-მდე სოფელში განხორციელდა.

ანგარიშის თანახმად, მსგავსი როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული პროექტები 2018 წელს უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება.

დიდი სამუშაო იგეგმება ფაროსანასთან საბრძოლველად. დეპუტატი 2018 წელს ფაროსანასთან ბრძოლის წლად აცხადებს.

დეპუტატის სამომავლო გეგმებში პრიორიტეტულია დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდობის განვითარების მხარდაჭერა, თვითმმართველობის
გაძლიერება, გურიის ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა.

ანგარიშის პრეზენტაცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა