16 | 08 | 2018

პროექტის დახურვის შემაჯამებელი ღონისძიება ლანჩხუთში

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის ,,თვითმმართველობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი ინოვაციური მეთოდების გამოყენებით“ დახურვის შემაჯამებელი ღონისძიება.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინოვაციურ პროექტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ,,ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი „ და ,,გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი“ უკვე ერთი წელია წარმატებით ახორციელებს.

როგორც ოზურგეთის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ თავმჯდომარემ, მინდია სალუქვაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში დაინერგა მოქალაქეთა ინფორმირების ელექტრონული სისტემა, რაც საკრებულოს, საკრებულოს კომისიების სხდომებისა და დღის წესრიგის თაობაზე დაინტერესებულ პირებთან მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას გულისხმობს. 
პროექტის ფარგლებში საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება საკრებულოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით მიმდინარეობს, ტექნიკურად გაძლიერდა საზოგადოებრივი ცენტრები , 
(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში-წყალწმინდაში, შუხუთსა და ნიგვზიანში დამონტაჟდა მონიტორები), სადაც პირდაპირ ეთერში გადაიცემა საკრებულოს სხდომები. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს სხდომის მიმდინარეობაში.

პრეზენტაციაზე, მინდია სალუქვაძემ იმ მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მოსახლეობის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდის თვალსაზრისით კლუბმა განახორციელა.

,, საიტზე www.guria.ge ხელმისაწვდომია გურიის მუნიციპალიტეტებისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია. გამოიცა საგაზეთო ჩანართები, რომლებშიც მოსახლეობისთვის საინტერესო ინფორმაცია (მაგალითად, ბიუჯეტის პროექტი) ინფოგრაფიკების სახითაა წარმოდგენილი. დაიბეჭდა სტატიები მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ“, აღნიშნა სალუქვაძემ.

დასკვნით ეტაპზე, პროექტის ავტორებისგან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჩუქრად გადაეცა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, რომლითაც შეძლებს გააგრძელოს საკრებულოს სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება, მოსახლეობას კვლავაც შეეძლება საკუთარი დასახლებიდან ჩაერთოს სხდომის მიმდინარეობაში და დასვას მისთვის საინტერესო კითხვები.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებსა და მხარდამჭერებს თანამშრომლობისთვის, ინოვაციური მეთოდების დანერგვისა და საინტერესო პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის.

პროექტი დაფინანსებულია UNDP- გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია