23 | 04 | 2019

რეჯებ ჟორდანიამ ლანჩხუთი მოინახულა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას შვილი რეჯებ ჟორდანია მეუღლესთან და შვილთან, ნიკოლთან ერთად ლანჩხუთს ესტუმრა. თავდაპირველად, ისინი #1 საჯარო სკოლაში მივიდნენ, სადაც იმ მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებმაც საქართველოს პირველ პრეზიდენტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე თემები მოამზადეს და გაიმარჯვეს.

ბატონმა რეჯებმა ბავშვებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, რომ დაინტერესდნენ მამის, ნოე ჟორდანიას მოღვაწეობით და შესანიშნავი ცხოვრება უსურვა. სკოლის დირექტორს, თამაზ კილაძეს საჩუქრად მისი წიგნის, „გავიზარდე ლევილში“, რამდენიმე ეგზემპლარი უსახსოვრა წარჩინებული მოსწავლეებისთვის.

შემდეგ ბატონმა რეჯებმა მეუღლესთან და შვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წინაპრების ეზო  და საფლავები მოინახულა.

საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ და გამგებელმა გიორგი გოგუაძემ ლევილისა და ლანჩხუთის დამეგობრების შესახებ ისაუბრეს. როგორც ნიკოლ ჟორდანიამ აღნიშნა,  თითონაც მოხარულია ლევილისა და ლანჩხუთის დამეგობრებისა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება და ეს აუცილებლად შესრულდება.  მისივე თქმით, ნოე ჟორდანიას სულ რამდენიმე პირადი ნივთია შემონახული და თუკი სახლ-მუზეუმი დაარსდება, შთამომავლების თანხმობით შესაძლებელია მათი მუზეუმისთვის გადმოცემა. მუზეუმის გახსნა ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივაა და ამისთვის მიმდინარეობს კიდეც მუშაობა

ნიკოლმა გაგვიმხილა, რომ ბატონი რეჯები მუსიკას წერს. თვითონ მას ძალიან მოსწონს გურული სიმღერა, ძალიან პოლიფონიურია, _ ამბობს ის.

რეჯებ და ნიკოლ ჟორდანიებმა მოიწონეს კომპოზიტორ გიორგი ჟორდანიას იდეა - ლანჩხუთში მუსიკალური ფესტივალის გამართვისა. როგორც აღმოჩნდა, ამის შესახებ მათ თვითონ კომპოზიტორისგან მოისმინეს. ცნობილ მუსიკოსს ბატონი რეჯებისთვის უთხოვია, თუკი ფესტივალი შედგება, იქნებ ახალი მუსიკა დაგვიწერეთო. საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა ფესტივალის ჩატარებისთვის სრული მხარდაჭერა გამოხატეს. ქალბატონი ნიკოლი შეგვპირდა, რომ ამის შესახებ კულტურის მინისტრს, ბატონ  ნიკა რურუას უამბობს და თვითონაც შესაძლებლობის ფარგლებში დაგვეხმარება.

როგორც ნიკოლ ჟორდანიამ გვითხრა, შეიქმნება პირველი პრეზიდენტის ფონდი, რომელიც სტუდენტებსა და მაგისტრანტებს დაეხმარება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია