ბიუჯეტში ცვლილება მიზნობრივი ტრანსფერის ჩარიცხვამ გამოიწვია

გამოქვეყნებულია პარასკევი, 08 ივნისი 2012 17:49

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველი 5 საკთხი დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ გააცნო:

1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის  N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების  შესახებ.

2. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის N90 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების  დამტკიცების  შესახებ.

3. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  (სოფელ ჩიბათში მდებარე ყოფილი კულტურის სახლის  შენობის)  საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 23 მარტის N44 განკარგულების ძალადაკრგულად გამოცხადების თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების  დამტკიცების  შესახებ.

4. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების  შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების  დამტკიცების  შესახებ.

5. სხვადასხვა.

პირველი საკითხი ეხებოდა ცვლილებას ბიუჯეტში, რომელიც მიზნობრივი ტრანსფერის ჩამორიცხვამ გამოიწვია.

საკრებულოს თავმჯდომარის რევაზ ჩიტიძის თქმით, მუნიციპალიტეტს გამოეყო 800 ათასი ლარი, რითაც უნდა მოხდეს სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია –  104786 ლარი, ხიდი სოფელ მამათში – 277408 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა, 417 806 ლარი მიემართება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა გზების რეაბილიტაციისათვის.

საყურადღებოა, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარებისა და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა 13000 ლარით გაიზარდა, 18 დან 60 წლამდე ასაკის მქონე მოსახლეობის ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა – 8200 ლარით.

ცვლილება შევიდა ასევე 2012 წლის შესყიდვების გეგმაშიც. რევაზ ჩიტიძის განცხადებით, საკრებულოსთვის გათვალისწინებული იყო ახალი ავტომობილის შეძენა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს თანხა სოციალურ პროგრამებზე მიმართა.

აგრობიზნეს ცენტრს იჯარით გადაეცა ჩიბათის ყოფილი კულტურის სახლი, აქვე განთავსდება ჩაის მიმღებ-გადამამუშავებელი მინი საწარმო.

სხვადასხვაში ლანჩხუთის სატყეო უბნის კოორდინატორმა, გიორგი ჩახვაძემ ტყე–კაფის გამოყოფასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოყოფილია 7200 კბ.მ. ხე–ტყე: 5 ათასი კბ.მ. – სოფელ ლესაში, 600 კბ.მ. – ჯუმათში, 800 კბ.მ. – ჩიბათში,  500 კბ.მ. –აკეთში და 300 კბ.მ. – სოფ. ჯაპანაში. ამას გარდა, რეზერვში დარჩა წინა წელს აუთვისებელი 3800 კბ.მ. ასე რომ, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უკვე  ივნისიდან შეუძლია დაიწყოს საშეშე და სამასალე ხე–ტყის ათვისება.