19 | 08 | 2018

სარვამარტო ღონისძიება

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, ლანჩხუთის კულტურის ცენტრში საზეიმო კონცერტით აღინიშნა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ. კონცერტზე მოწვეული იყვნენ მეეზოვე ქალები და „გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრები“, რომლებსაც მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყვავილები გადასცეს. _„ყველასთვის განსაკუთრებული დღეა 8 მარტი, რადგან ქალი ყველაფრის საწყისია ამ ქვეყნად და სიმბოლურია, რომ სწორედ გაზაფხულზე აღინიშნება ქალთა დღესასწაულები. განსაკუთრებით ეს დღე იმ ქალბატონებს მინდა მივულოცო, რომლებიც ყოველდღე ჩვენი პატარა ქალაქის წესრიგზე ზრუნავენ. ასევე იმ ქალბატონებს ვულოცავ, რომლებიც საკმაოდ მძიმე სენთან ბრძოლაში გამარჯვებულები აღმოჩნდნენ“- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მუნიციპალიტეტის მერმა. მეეზოვე ქალებს მერიისაგან წახალისების მიზნით თანხა პირად ანგარიშებზე ჩაერიცხებათ. ღონისძიებას უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ცენტრის) ექიმი-მამოლოგი მაკა ეგუტიძე ესწრებოდა. „-ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ ხელმძღვანელობას გამოჩენილი ყურადღებისათვის, დაფასებისთვის, ამ სითბოსა და სიყვარულისთვის“- აღნიშნეს ქალბატონებმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია