20 | 04 | 2018

ასი წელი ვაშნარის შეტაკებიდან

1918 წლის 11 აპრილს ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ვაშნართან ოსმალო ასკერები და ქართველები ერთმანეთს შეეტაკნენ. გურული მოხალისეების ასეულმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბიდან მიიღო ბრძანება, რომ ოსმალებისათვის შეეტიათ. მაზნიაშვილის შტაბს პოდპოლკოვნიკი კოსტილი ხელმძღვანელობდა. ამ ბრძოლაში მონაწილე 35 ადამიანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯირიდან იყო. ასი წლის შემდეგ სოფელ ჯიხანჯირის ეკლესიაში მათ სახელზე პანაშვიდი ჩატარდა და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა იდეის ავტორი, არაერთი ომის მონაწილე, 24-ე ბრიგადის სადესანტო მოიერიშე ჯგუფის (ლანჩხუთის მხედრიონი) მეთაური არჩილ ხოფერია, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ფაცურია, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და საკრებულოს წევრები. ასევე აფხაზეთის ომის ვეტერანი ელგუჯა ჩხაიძე, ვახტანგ ზენაიშვილი და დაღუპულთა ოჯახების წევრები. გთავაზობთ იმ 35 ადამიანის სიას, რომლებმაც ასი წლის წინ სამშობლოს ერთიანობას შესწირეს თავი: ივანე გუჯაბიძე, მოსე გუჯაბიძე, კასიანე გურგენაძე, პლატონ გურგენაძე, სერგო გურგენაძე, კალისტრატე გურგენაძე, ვასო გურგენაძე, ბათლომე ილიას ძე ტიკარაძე, ბათლომე ტიკარაძე, მიხეილ კოსტავა, გრიგოლ სარჯველაძე, აკაკი გუჯაბიძე, ლადიკო ტუღუში, ფილიპე ტუღუში, გიორგი გურგენაძე, ვიქტორ ჩხარტიშვილი, იგორ გურგენაძე, თედორე ხომერიკი, ლადიკო გურგენაძე, პანტელეიმონ გუმბარიძე, მიხაკო ფიროღლი, ლევან მეფარიშვილი, ლ. ტიკარაძე, ასალო ტიკარაძე, მოსე ტიკარაძე, სოლომონ მშვიდობაძე, სიმონ ტიკარაძე, სიო ტიკარაძე, ი.მ. ტიკარაძე, ვასო გუჯაბიძე, პილატე ტუღუში, ნესტორ გურგენაძე, ლადიკო გუმბარიძე. მათ გვერდით იბრძოდნენ ქვიანელი იური აროშიძე და სუფსელი კალისტრატე ღლონტი. ამ ადამიანების სია ჩვენ არჩილ ხოფერიამ გადმოგვცა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას. "ეს ადამიანები იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის. მათ ხსოვნას ყველამ უნდა მივაგოთ პატივი და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს და მათ გმირობაზე თაობები გაიზარდოს" - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე სარიშვილმა. "ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პაატა გიგაურს, რომელიც პირადად მუშაობდა ამ საკითხზე და ასევე მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონს, რომ არა ისინი, ამდენ საინტერესო მასალას ვერ მოვიპოვებდი" - დასძინა არჩილ ხოფერიამ. ეკლესიის ეზოში მემორიალის გახსნაა დაგეგმილი.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა