17 | 09 | 2019

ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა ლანჩხუთში გაიმართა


15-17 ივნისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და ა/ო ახალგაზრდული პარლამენტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული პარლამენტის რიგით მერვე სხდომას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.

სხდომაში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლებიდან გასაუბრების შედეგად შერჩეული 104 მოსწავლე. პროექტის განხორციელებისათვის ლანჩხუთს სტუმრობდა  11 ახალგაზრდა პარლამენტარი, რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეები და პროექტის მენეჯერები. პროექტი უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით განხორციელდა.

15 ივნისს ქალაქის ცენტრალურ სკვერში საქართველოს ჰიმნის ფონზე მოეწყო სხდომის გახსნის ცერემონია და მოსწავლეებისთვის კომიტეტების ხელმძღვანელების წარდგენა.  შემდეგ მოსწავლეები დაიყვნენ კომიტეტებად და გაეცვნენ იმ  პრობლემურ  საკითხებს, რომლებზეც უნდა ემუშვათ და მიეღოთ შესაბამისი რეზოლუციები. მეორე დღეს ამ საკითხების გადაჭრის გზებსა და რეზოლუციის ბოლო ვარიანტზე მოხდა მუშაობა. ასევე მოეწყო ხელოვნების საღამო, სადაც ბავშვების მიერ ნაჩვენებმა სხვადასხვა ნომრებმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

17 ივნისს კი გაიმართა პლენარული სხდომა, რომელმაც საინტერესო და დაძაბული დებატების ფონზე ჩაიარა, სხდომაზე ახალგაზრდა პარლამენტარების მიერ შვიდივე რეზოლუცია იქნა მიღებული.

ა/ო ახალგაზრდული პარლამენტის თავმჯდომარის, თეონა ლავრელაშვილის თქმით, შერჩეული 15 წარმატებული მოსწავლე სექტემბერში მონაწილეობას მიიღებს ქ. ქუთაისში ახალ პარლამენტის შენობაში გასამართ სხდომაში, ასევე მიღებულ საინტერესო  რეზოლუციებს გაეცნობა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

სხდომას მიესალმა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე,  რევაზ ჩიტიძე, რომელმაც ნაყოფიერი მუშაობა და წარმატებები უსურვა ახალბედა პარლამენტარებს. სხდომის დამთავრების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ვლადიმერ ვარძელაშვილის და ახალგაზრდული პარლამენტის ხელმძღვანელის თეონა ლავრელაშვილის    მიერ დადასტურებული სერთიფიკატები ახალგაზრდა პარლამენტარის სტატუსის მინიჭების შესახებ. დასასრულ, სტუმრებმა დიდი მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას  ხელშეწყობისთვის.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია