17 | 11 | 2018

9 მაისი ლანჩხუთში

ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი ლანჩხუთშიც აღინიშნა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებიდან ცოცხალი მხოლოდ ცხრაღაა და ამათგანაც საზეიმო ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ოთხმა შეძლო. ქალაქის ცენტრში ვეტერანებს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. ამის შემდეგ გვირგვინით შეამკეს ჩიბათში გმირთა მემორიალი, სადაც ვეტერანებმა გაიხსენეს განვლილი წლები. ითქვა, რომ ლანჩხუთიდან მეორე მსოფლიო ომში რვა ათასზე მეტი ადამიანი იბრძოდა, რომელთაგან სამი ათასი შინ ვერ დაბრუნდა. საღამო დასრულდა საზეიმო კონცერტითა და ბანკეტით რესტორან "ბაბუნაში", სადაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული იმდროინდელი ექსპონატებიც იყო გამოფენილი. ვეტერანებმა მადლობა გადაუხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ მათ არ ივიწყებენ. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე თითოეულ ვეტერანს პირად ანგარიშზე 300-300 ლარი ჩაერიცხა. იმავე დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის ორი ვეტერანი სახლში მოინახულეს, მიულოცეს 9 მაისი და ჯანმრთელობა უსურვეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია