22 | 10 | 2018

შეხვედრა ინიცირებული პეტიციების განხილვის შედეგებზე

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოავლეობის შემსრულებელ- ვლადიმერ ნანაძესთან შეხვედრა „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ წარმომადგენლებმა გამართეს. სამუშაო შეხვედრას საკრებულოს აპარატის უფროსი, ნინო ძიძიგური და მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი, მაგული კუნჭულია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მუნიციპალიტეტში ინიცირებული პეტიციების განხილვის შედეგები, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები და წარდგენილი რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს. შეხვედრის მონაწილეები გაევცნენ დემოკრატიის ინსტიტუტის რეკომენდაციებს საკრებულოს რეგლამენტთან დაკავშირებით. როგორც წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, ლანჩხუთის საკრებულოში 2016-2017 წლებში მათ მიერ 8 პეტიცია დარეგისტრირდა. ნაწილი რეაგირებისთვის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნა, 2 პეტიცია კი საკრებულოს მხრიდან არ დაკმაყოფილდა. წარმომადგენლების თქმით, რეკომენდაცია, რომელიც რეგლამენტში პეტიციის პროცედურებს შეეხებოდა, გათვალისწინებულია. შეხვედრის ბოლოს საკრებულოების წარმომადგენლების მიერ გამოითქვა მზადყოფნა პეტიციების ინსტრუმენტის სისტემური გაძლიერების და პეტიციების განხილვის პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით. დემოკრატიის ინსტიტუტი პროექტს „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს 4 რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს. გურიის რეგიონში პროექტის პარტნიორია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია