20 | 10 | 2018

შეხვედრა აკეთში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და მერიის, საკრებულოს თანამშრომლები და საკრებულოს წევრები აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობასთან შეხვედრამდე მერმა გაგურის საბავშვო ბაღი დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ბაღი სარემონტოა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ბაღის მენეჯერს შეძლებისდაგვარად, დახმარებას დაპირნენ.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემა. მაგალითად, აღინიშნა, რომ ჩინური კომპანია "სინო ჰიდრო" გზას ხშირად არ რწყავს, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები ექმნება, განსაკუთრებით კი გზისპირას მდებარე საბავშვო ბაღსა და სკოლას. ასევე ითქვა, რომ ავარიულია კულტურის სახლი და რემონტს საჭიროებს, ჭანჭათში წყლის პრობლემაა, საჭიროა 500 მ. სიგრძის მილი, რომ 6 ოჯახი წყლით მომარაგდეს. 
მერი და თანმხლები პირები ადგილზე ესტუმრნენ აბაშიძისა და ვადაჭკორიას ოჯახებს, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ.
ასევე მოინახულეს ცირა გოგელია, რომელსაც წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის.
თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა აცნობეს მოსახლეობას, რომ იგეგმება ქვემო აკეთის გაზიფიცირება. 49 ათასი ლარი იხარჯება აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდების ასაშენებლად. რაც შეეხება გზებსა და სანიაღვრე არხებს, მათზე მთლიანობაში გამოყოფილია 312 ათასი ლარი (192 ათასი - სტიქიის სალიკვიდაციო თანხიდან, ხოლო დანარჩენი 120 ათასი - რეგიონული განვითარების ფონდიდან).


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია