13 | 12 | 2018

ოზურგეთის თეატრი 150 წლისაა

ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი, რომელიც წელს ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წელს ეძღვნება, 5 ივლისს გაიხსნა ოზურგეთში ოზურგეთის თეატრის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლით ,,მონატრება“, რომლის რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძეა. ფესტივალი 14 ივლისის ჩათვლით გასტანს. წარმოდგენები ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში გაიმართება, ვინაიდან ოზურგეთის თეატრში ფონდი „ქართუ“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ფესტივალში წელს 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს, მათ შორის 3 უცხოური დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. „მონატრება“ საგანგებოდ ფესტივალისთვის დადგმული სპექტაკლია, რომელიც ნოდარ დუმბაძის რამდენიმე ნაწარმოებს აერთიანებს. ფესტივალის დამფუძნებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინსიტრო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, გურიის მხარის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მერის მოადგილეები, ალექსანდრე სურგულაძე, ირაკლი სირაძე და ოსიკო თოთიბაძე, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, ქეთი დუმბაძე, საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა და უცხოური დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალზე დაესწრნენ ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ფაცურია, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ია ჩხაიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ნანაძე. თეატრის თაღებში გაიხსნა ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავი. გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის „ოზურგეთის თეატრი 150“ პრეზენტაცია. ნოდარ დუმბაძის სახელობის II საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია