09 | 12 | 2019

ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 300 000 ლარი გამოიყო

გაიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ დეპუტატებს დღის წესრიგით განსახილველი საკითხები გააცნო.

ცვლილება შევიდა ბიუჯეტში, ასევე შესყიდვების გეგმაში. როგორც ითქვა, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ივნისის 1206 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 100 000 ლარი.

მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციის, არქიტექტურისა და საპროექტო სამსახურის მიერ მომზადებული საპროექტო წინადადების საფუძველზე აღნიშნული თანხით დაფინანსდება ჩოჩხათის, ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებული გზების შეკეთებითი სამუშაოები, ნიგვზიანის და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებული ხიდების შეკეთება.

აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გამოეყო 300 000 ლარი.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციის, არქიტექტურისა და საპროექტო სამსახურის მიერ მომზადდება საპროექტო წინადადებები. აღნიშნული თანხით მოხდება წყალსადენის, გზების, სპორტული მოედნების, სკოლამდელი დაწესებულებების, ხიდების, საწრეტი არხების რეაბილიტაცია.

სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ გაიზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება 74100 ლარით. ეს ეხება როგორც მრავალშვილიანი ოჯახების, მშობიარობის, ასევე რეფერალური დახმარების ცენტრისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის მომსახურების თანადაფინანსების პროგრამებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ ეროვნული სკრინიგ ცენტრის საექიმო ბრიგადა სამი თვე იმუშავებს ლანჩხუთში და უფასოდ ჩაუტარდება გამოკვლევები, როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია