20 | 10 | 2018

წარმატებით გამოცდებჩაბარებულ დირექტორებს სერტიფიკატები გადასცეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან 4 მოქმედმა დირექტორმა (გოჩა ებრალიძე, მამათის საჯარო სკოლა, ამირან დობორჯგინიძე _ ნიგვზიანი; ბიძინა კვაჭაძე _ ჯურუყვეთი; ვასილ გიგინეიშვილი _ ეწერი) და 2 მასწავლებელმა (ხათუნა აფხაზავა _ ნიგვზიანის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი; ანდრო ქინქლაძე _ ქუთაისის №21 საჯარო სკოლის ისტორია-სამართალმცოდნეობის მასწავლებელი) წარმატებით ჩააბარეს საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოსაპოვებელი გამოცდა.

 

სერტიფიკატების გადაცემას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, გამგებლის მოადგილე ნუგზარ ღლონტი, ფრაქცია „უმრავლესობის“ ლიდერი დავით ჩხაიძე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანაშია.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს მიულოცეს გამოცდების ჩაბარება და შემდგომი წარმატებები უსურვეს. აღნიშნეს, რომ ახალი სკოლების მშენებლობისთვის ქვეყანაში გამოყოფილი 5 მლ ლარიდან 3,5 მლ. ლარი ლანჩხუთში, ჩიბათისა და ხაჯალიის სკოლების ასაშენებლად იხარჯება, ეს არის ხელისუფლების მხრიდან დიდი მხარდაჭერა.

რესურსცენტრის უფროსის, ნათია ურუშაძის თქმით, თითქმის ყველა სკოლაში ჰყავთ სერტიფიცირებული დირექტორები. 2007 წელს, როცა პირველად ჩატარდა გამოცდა, 11 დირექტორი იყო, ახლა მათ კიდევ 6 სერტიფიცირებული დაემატა.

მისივე ინფორმაციით, წელს 297 პირველკლასელს გადაეცემა ნეტბუქი, ასევე 1000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახის მოსწავლე უფასოდ მიიღებს სახელმძღვანელოებს.

სერტიფიცირებული დირექტორის, ხათუნა აფხაზავას თქმით, მოხარულია, რომ მას და მის კოლეგებს შრომა დაუფასდათ. გამოცდილებას და ცოდნას არ დაიშურებს მომავალი თაობის აღსაზრდელად.

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია