15 აგვისტოს საკრებულოს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პარასკევი, 15 აგვისტო 2014 17:22

 

15 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ დამსწრეთ დღისწესრიგი გააცნო.
პირველი საკითხი, რომელიც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცებას განსაზღვრავდა, საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, შემდგომი მსჯელობის მიზნით, მომავალი სხდომისთვის გადაიდო. ამის შემდეგ საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებმა დებულებების დამტკიცების შესახებ ისაუბრეს. ხუთივე კომისიის დებულებას, ამასთანავე საკრებულოს აპარატის დებულებას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის / შოთა ჩაგუნავამ. მისი თქმით, გამგეობაში იქნება 13 თანამდებობა. იქნება 10 სამსახური. ესენია: ადმინისტრაციული სამსახური, საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური, გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის სამსახური, გამგეობის ზედამხედველობის სამსახური, გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური, გამგეობის იურიდიული სამსახური, გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური, გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური. ეს უკანასკნელი წლის ბოლომდე შსს- დაქვემდებარებაში გადავა.
სხდომაზე მოწვეული იყო გურიის სატყეო სამსახურის, ლანჩხუთის უბნის უფროსი ნუგზარ ჩხაიძე. დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს სტუმარს. მათ განსაკუთრებით აინტერესებდათ, იმ ინფორმაციის გადამოწმება, რაც შეშის მოჭრასთან დაკავშირებით არსებობს. `_სამწუხარო რეალობაა და ფაქტია, მოქმედი კანონმდებლობით, ის ადამიანები, რომლებსაც ოჯახში ბუნებრივი აირი აქვთ შეყვანილი, შეშის მოჭრა ეკრძალებათ. ყველანაირად ვეცადე, რომ ეს პრობლემა მომეგვარებინა. რადგან გასაგები მიზეზების გამო, ყველას არ აქვს იმის საშუალება, ისარგებლოს ბუნებრივი აირით. საბოლოოდ მთავრობის წარმომადგენელთან ერთად შევთანხმდით, რომ გადაიგზავნება იმ ადამიანების სია (მისამართი, პირად ნომერთან ერთად), რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ აირს. ამის შემდეგ ისინი მიიღებენ შეშის მოჭრის ნებართვას~_ განაცხადა ბატონმა ნუგზარმა.

`
სხვადასხვაში~ ფრაქცია `ქართული ოცნების~ ხელმძღვანელმა კახა ურუშაძემ განცხადება გააკეთა: `-ფრაქციის სხდომაზე დეპუტატების მოთხოვნით ერთ-ერთ საკითხად განვიხილეთ 25 ივლისს საკრებულოში მომხდარი ინცინდენტი, რომელიც საკრებულოს ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ბატონ რომან ბიწაძეს, მოქალაქე ლილი ებრალიძესა და `ნაციონალური მოძრაობის~ დეპუტატ კახა ასკურავას შორის მოხდა. ამ ფაქტმა ყველა ჩვენგანში გულისტკივილი გამოიწვია, ამიტომაც მთელი კოალიციური გუნდი ვცდილობდით ამ ინცინდენტს არ მოჰყოლოდა შემდგომი გართულებები, თუმცა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო, მეტიც ბატონმა კახამ მედიასაშუალებით აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებები გააკეთა, თითქოს მომხდარი ადგილობრივი ხელისუფლებისა და `ქართული ოცნების~ მესვეურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია და ოპოზიციაზე ზეწოლაა.
როგორც ჩანს, ბატონ კახას სურს მისი პიროვნული კონფლიქტი წარმოაჩინოს, როგორც პოლიტიკური დევნა, მოისხას `დაჩაგრულის მანტია~ და საკრებულოს წევრისთვის შეუფერებელი საქციელი ლამის გმირობად მოინათლოს.
ფრაქცია `ქართული ოცნება~ კატეგორიულად მოითხოვს - კახა ასკურავასაგან თავი შეიკავოს უსაფუძვლო და უპასუხისმგბლო განცხადებებისაგან, რომლითაც შეურაცხყოფას მიაყენებს `ქართული ოცნების~ პოლიტიკურ გუნდს და მის დეპუტატებს.
ფრაქცია `ქართული ოცნება~ ასევე მოუწოდებს - რომან ბიწაძეს თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი განცხადებებისაგან, პირიქით ის უნდა იყოს მაგალითი ყველასათვის ეთიკურობისა და ზომიერი განცხადებების კუთხით.
ფრაქცია `ქართული ოცნების~ სახელით კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია, ჩვენ საკრებულოში მოვედით იმისთვის, რომ ვაკეთოთ საქმე და პირნათელი ვიყოთ ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ვინმეს უფლებამოსილების შეწყვეტით, არ მივიღებთ მონაწილეობას არანაირი ინტრიგების ხლართვაში. ჩვენ აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა და ამ პასუხიმგებლობას არასოდეს გავექცევით და არც სადავეებს გავუშვებთ ხელიდან~.
ამის შემდეგ სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდა. დეპუტატებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითზე, განიხილეს გამომწვევი მიზეზები და მოუწოდეს ორივე მხარეს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისაგან.