25 | 05 | 2018

ლანჩხუთში წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“ გაიხსნა

 

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 2008 წელს დაარსდა და დღეისათვის საქართველოს მასშტაბით 24 ფილიალს მოიცავს, რომელთა შორის უკვე ლანჩხუთიცაა.

ცისფერი ლენტი გაჭრეს რწმუნებულ-გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელის დირექტორმა, თენგიზ ხელაიამ.

 

„ბიბლუსის“ გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა, გამგებელი გიორგი გოგუაძე, გამგებლის მოადგილე ნუგზარ ღლონტი და სამსახურების ხელმძღვანელები, ვალერი ჩიტაიშვილი: _ მივესალმები იმ ფაქტს, რომ წიგნის მაღაზია ლანჩხუთშიც გაიხსნა. ეს მართლაც მნიშვნელოვანია დღეს, როცა ახალგაზრდობა ასე დაშორდა წიგნს და მხოლოდ კომპიუტერით სარგებლობს. ლამაზი გარემო და წიგნების ფართო არჩევანი, მათ შორის, სასკოლო სახელმძღვანელოებიც, ძალიან გაახარებს ყველას, ვისაც კითხვა უყვარს.

თენგიზ ხელაია: _ საქართველოში ეს უკვე 24-ე ფილიალია. მიხარია, რომ ლანჩხუთშიც გაიხსნა „ბიბლუსის“ მაღაზია. დღეს საჩუქრებიც გადავეცით ორი სოციალურად შეჭირვებული ოჯახის შვილს. მჯერა, რომ ასეთი კარგი გარემო და წიგნების მრავალფეროვნება ლანჩხუთელებს წიგნთან დააბრუნებს და მაღაზიას ბევრი მყიდველი ეყოლება.“

რევაზ ჩიტიძე: _ წიგნებისადმი ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებულია. არ ვტოვებ „კვირის პალიტრის“ არცერთ აქციას. მჯერა, რომ ლანჩხუთელები ამ მაღაზიის ხშირი სტუმრები და მომხმარებლებიც იქნებიან. ჩემი დიდი სურვილია ლანჩხუთში ასევე დაარსდეს ლიტერატურული კაფე, რომელიც კიდევ უფრო დაახლოებს ადამიანებს წიგნთან“.

გიორგი გოგუაძე: _ მართლაც სასიხარულო ფაქტია ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში „ბიბლუსის“ მაღაზიის გახსნა. მჯერა, რომ მაღაზიას ბევრი მყიდველი ეყოლება. კარგია, რომ „ბიბლუსმა“ არსებობა ქველმოქმედებით დაიწყო. „კვირის პალიტრის“ მედიასახლს ვუსურვებ წარმატებებს ამ მეტად ეროვნულ საქმეში.

იმ დღეს თენგიზ ხელაიამ რწმუნებულ-გუბერნატორს „ვეფხისტყაოსანი“, ხოლო პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასელ ავთო ჩხაიძეს და მესამე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს ანა დარჩიას წიგნები აჩუქა. ბავშვები სიხარულს ვერ მალავდნენ და მადლობა გადაუხადეს „ბიბლუსს“ მათი გახარებისთვის.

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა