18 | 09 | 2019

30 იანვარს საკრებულოს სხდომა გაიმართა

30 იანვარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ დამსწრეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქალბატონმა ია ჩხაიძემ ისაუბრა.  მისი განმარტებით, გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად ერთჯერადი დახმარების გაცემის დროს, საკრებულოს მაორიტარი დეპუტატებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მიმდინარე წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შემდეგი  სოციალური პროგრამები განხორციელდება:

მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა; მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა; მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა; სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა; მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა; იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა; მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამა და აშ. პროგრამების დასაფინასებლად 336 900 ლარია გამოყოფილი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ გამგეობის ქონების მართვის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურიამ ისაუბრა. ქ. ლანჩხუთის მიწის ნორმატიული ფასი 9,12 ლარით განისაზღვრა, ადმინისტრაციულ ერთეულებში 3, 19 ლარი, ხოლო დასახელებათა არეალებში მიწის ნორმარიული ფასი 2,28 ლარს შეადგენს. სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყალამდე შავი ზღვის სანაპიროდან 500 მეტრის რადიუსში ფასი განისაზღვრა ქ. ლანჩხუთის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 9,12 ლარს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და  ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაემ ისაუბრა. მან ასევე ისაუბრა საჯარო სამსახურის კანონის მოთხოვნებზე, რომლის თანახმადაც გამგეობის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რანგირება უნდა მოხდეს, რომელიც კანონის თანახმად ასევე გულისხმობს საჯარო მოხელეთა რეესტრის დამტკიცებას. „- ჩვენს  მუნიციპალიტეტში დადგენილია შემდეგი რანგირების ხარისხი:  მთავარი საჯარო თანამდებობა, უფროსი და წამყვანი საჯარო თანამდებობა. ამის შემდეგ უნდა მოხდეს საკლასო ჩინის მინიჭება. ბუნებრივია ამ პროცესს მომზადებულად რომ შევხვდეთ აუცილებლობას წარმოადგენდა ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა“_ დასძინა ბატონმა რომანმა.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია