18 | 09 | 2019

აჭარისა და გურიისთვის ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესამცირებლად, შვეიცარია 400 000 შვეიცარიული ფრანკით დაგვეხმარება

გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ და ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეული დაათვალიერეს, სადაც მდინარე სუფსა დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და სადაც ასევე მეწყერსაშიში ზონაა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის თქმით, ეს შვეიცარიელების პირველადი ვიზიტია და საკითხის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით ისინი ლანჩხუთს კიდევ ეწვევიან.
სააგენტოს თანამშრომელთა სტუმრობის ძირითადი მიზეზი შვეიცარიის მიერ გამოყოფილი 400 ათასი შვეიცარიული ფრანკია აჭარასა და გურიისთვის ბუნებრივი კატასტროფების შესამცირებლად. 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) შორის, აჭარისა და გურიის რეგიონებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელმძღვანელმა, რუდოლფ შოხმა.
მემორანდუმი, საქართველოში კატასტროფების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სამინისტროსა და SDC შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.
აღნიშნული დოკუმენტის მიზანია, ბუნებრივი კატასტროფების რისკეების შემცირება და მათი მართვის გაუმჯობესება, ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობებს შორის ეფექტური კოორდინირებისა და პრევენციული ღონისძიებების გზით.
მემორანდუმის საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სპეცილისტები, საფრთხეებისა და რისკების რუკის შედგენის, ასევე, დანახარჯებისა და სარგებლის მეთოდოლოგიის საკითხებში სათანადო ტრენინგს გაივლიან.
სწორედ დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით განისაზღვრება კონკრეტული პრევენციული და ბიოსაინჟინრო ღონისძიებები ბუნებრივი კატარსტროფების რისკების შესამცირებლად.
პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა 400 000 შვეიცარული ფრანკია ( ეს თანხა წარმოადგენს გრანტს, რაც ეროვნულ ვალუტაში 900 ათას ლარზე მეტია), რომლის ფარგლებშიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მასალებს შეისყიდის.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია