22 | 05 | 2019

მერმა აცანაში ხიდის მშენებლობა დაათვალიერა

აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს დეპუტატ ემზარ თევდორაძესთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოებს შპს „ავარდი“ ასრულებს. ხიდის მშენებლობა მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
„ლელო უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას ნიშნავს, სახელწოდება ნათლად განმარტავს მის შინაარს, ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს შეუპოვარ ბრძოლასთან.
მნიშვნელოვანია, რომ ლელოს გატანა საქართველოში დღემდე ვაჟკაცობის სინონიმია. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ძირძველი თამაში ბურთაობიდან მოდის, რომელიც ჯერ კიდევ ვეფხისტყაოსანში გვხვდება.სხვადასხვა მასალების მიხედვით აღწერილია, რომ ლელოს უმთავრესად სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სახალხო (რელიგიურ) დღესასწაულებზე თამაშობდნენ. რთულია ვიმსჯელოთ ზუსტად რომელ საუკუნეში გაჩნდა ეს თამაში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში დღემდე თამაშობენ „ლელობურთს“ რომელიც ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომის დღესასწაულზე იმართება. ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის’’ ბრძოლას უკავშირებენ. ისტორიულ ბრძოლაში, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რომელიც რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1854 წელს გაიმართა. „ლელო“ გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე ყოველ წელს , „ცაცხვების ქვეშ“ იმართება. დაუზუსტებელი ინფორმაციის გამო რთულია ვთქვათ, რამდენ საუკუნეს მოიცავს ეს თამაში მაგრამ ფაქტია, რომ გურულებმა მოახერხეს დღემდე შეენარჩუნებინათ ბრძოლის ამსახველ რიტუალად ქცეული სპორტის ეს ეროვნული სახეობა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მიუხედავად „ლელობურთის“ საუკუნეზე მეტი დროის არსებობისა, მას ისეთი სახეცვლილება არ განუცდია რაც ტრადიციას რადიკალურად შეცვლიდა. ლელოს პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ თავდაპირველად ბურთის სასაფლაოზე მიტანის ტრადიცია არ არსებობდა. ამის შესახებ სოფლის მცხოვრებლები და უხუცესი მოთამაშეები გვიყვებიან. ეს ტრადიცია მოგვიანებით, 1974 წელს დამკვიდრდა, როცა პირველად მიიტანეს ბურთი ერთ-ერთი ადგილობრივი გარდაცვლილი პირის, ლელოს ცნობილი მოთამაშის საფლავზე. ძველადაც და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც თამაში ყოველთვის აღდგომის დღეს ტარდებოდა. 
წლების მანძილზე, ბურთის აგდების პატივი ლელოს უხუცეს მოთამაშეს ჰქონდა. 10 წელზე მეტია ეს პატივი აქვს სოფლის ეკლესიის წინამძღვარ დეკანოზ საბას. ტრადიციულად ის დილით მიცვალებულთა პანაშვიდს ატარებს და ბურთს ეკლესიაში ინახავს საღამოს 5 საათამდე (თამაშის დაწყების უცვლელ დრომდე)" - აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფეისბუქგვერდზე.

გამარჯვებულ სკოლებს სპორტული ეკიპირება გადაეცათ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ნანაძემ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ია ჩხაიძემ და ამავე სამსახურის თანამშრომლებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადის სხვადასხვა სპორტულ სახეობაში პირველ ადგილზე გასული სკოლების მოსწავლეებს სპორტული ეკიპირება გადასცეს.
გამარჯვებული სკოლები არიან:
ფეხბურთში - მესამე საჯარო სკოლა;
კალათბურთი - ლესის საჯარო (ვაჟებს შორის);
სასულიერო გიმნაზია (გოგონებს შორის).
ფრენბურთი - ლესის საჯარო (ვაჟებსა და გოგონებს შორის);
მაგიდის ჩოგბურთი - აცანის საჯარო სკოლა (ვაჟებსა და გოგონებს შორის);
ბადმინტონი - ჯურუყვეთი (ვაჟებს შორის);
სასულიერო გიმნაზია (გოგონებს შორის);
კროსი - ჩოჩხათი (ბიჭებს შორის);
ჩიბათი (გოგონებს შორის);
ხელბურთი - სუფსა (ვაჟებს შორის);
ჩოჩხათი (გოგონებს შორის).
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველ ადგილზე გასული სკოლები რეგიონულ ტურნირებში იასპარეზებენ.

ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

 

ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა დღეს ქალთა საერთაშორისო დღე პედაგოგებს მიულოცეს.
ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურსცენტრმა უმასპინძლა.
-მინდა განსაკუთრებულად მოგილოცოთ ეს დღე, რადგან თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი გაბარიათ. გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. გაზაფხულივით ლამაზი დღეები არ მოგკლებოდეთ_ განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეები მიიღო

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მოქალაქეები მიიღო და მათ პრობლემებს პირადად გაეცნო. ,,ყოველი კვირის სამშაბათს მოსახლეობას ვხვდებით საკრებულოში. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვეხმარებით ან კონსულტაციას ვუწევთ მათ სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში. დღეს მოქალაქეებს,  მედიკამენტებით მკურნალობის ფარგლებში გავუწიეთ დახმარება", აღნიშნა ბესიკ ტაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტაბიძე მოქალაქეებს ყოველი კვირის სამშაბათს 11 საათიდან ხვდება.

 


 

 

შშმ ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა იგეგმება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში შეზღუდული შესაძლებლობების  ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის თაობაზე პრეზენტაცია მოეწყო.

პრეზენტაციას გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საკითხით დაინტერესებული პირები და გრიგოლეთში მოღვაწე მონაზონი, დედა ემილია ესწრებოდნენ.

ცენტრის მშენებლობის იდეა გაუჩნდა ლია სერგეევას დაინტერესებულ მოქალაქეთა ჯგუფთან ერთად, მას შემდეგ, რაც მისი მცირეწლოვანი შვილი საქართველოში ჩამოიყვანა და მაგნიტური ქვიშით მკურნალობამ დადებითი შედეგები გამოიღო.

როგორც მან აღნიშნა, ცენტრის მშენებლობა 2 წელზე მეტია მიმდინარეობს, ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 100 000 ლარს აღემატება. შენობა მზადაა, შიდა სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. ცენტრის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით განხორციელდა. ცენტრი 80- მდე ბავშვს მოემსახურება. სამკურნალოდ მაგნიტური ქვიშის გამოყენება იგეგმება და საშუალება მიეცემა შშმ ბავშვებს საჭირო მკურნალობა და რეაბილიტაცია ადგილზე ჩაიტარონ.

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია