19 | 08 | 2018

საგურამოში ილიაობა აღინიშნა

ილია ჭავჭავაძის სახელობის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში დღესასწაული ,,ილიაობა” ჩატარდა, უკვე მეხუთე წელია მუზეუმი ამ დღეს განახლებული ფორმატით აღნიშნავს. ყოველი წლის 2 აგვისტოს მასპინძლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები ხდებიან, ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა. 
წლევანდელი ,,ილიაობის” მასპინძელი გურიის რეგიონი გახლდათ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი იყო ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,მხედრებით”, ისინი მრავალფეროვანი ნომრებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. 
ღონისძიების პარალელურად მუზეუმის ეზოში მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ფოლკლორის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სადაც ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ფოლკლორის განყოფილებამ დამთვალიერებელს წარუდგინა ხალხური რეწვის ნიმუშები.

ხატების მოგზაურობა საქართველოში

 

საეკლესიო ავტოკეფალიისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, 14.30 წთ-ზე ჩამობრძანდებიან აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები. საზეიმო დახვედრა მოეწყობა ქალაქის ცენტრალურ სკვერში აღმართულ ჯვართან, რომლის შემდეგ ხატები გადაბრძანდებიან ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ივერონში (აგარაკი). ხატები ლანჩხუთში ხუთი დღის განმავლობაში დარჩებიან და ამ დროის განმავლობაში ივერონში აღევლინება წირვა-ლოცვა

მედიაში გავრცელებული წერილის პასუხად

 

ამ ბოლო ხანს მედიაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას უსამართლოდ უკავშირებენ სააქციო საზოგადოება „ლესის“ ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, რის შესახებაც საჭიროდ ჩავთვალეთ მცირე განმარტების გაკეთება.
გაცნობებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული იყო სააქციო საზოგადოება „ლესის“ თავმჯდომარის, ქეთევან ჩხაიძის განცხადება, რომელსაც თან ახლდა საზოგადოების წესდება, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, 2018 წლის 14 მაისს ჩატარებული აქციონერთა კრების ოქმი (რომელსაც 74.1 % წილის მფლობელი აქციონერები ესწრებოდნენ, რაც, წესდებიდან გამომდინარე, საკმარისია კრების ჩასატარებლად) და სხვა სათანადო დოკუმენტაცია.
აქციონერთა კრების ოქმის თანახმად, ხსენებულმა კრებამ მიიღო სააქციო საზოგადოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და ავარიული შენობების დემონტაჟის გადაწყვეტილება. 
გამომდინარე იქიდან, რომ მერიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილი იყო, მერია ვალდებულიც იყო გაეცა დემონტაჟის უფლება.
აქვე დავძენთ, რომ აქციონერთა გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება და ზოგადად, სააქციო საზოგადოების საქმიანობაში ჩარევა არ შედის მერიის კომპეტენციაში და ამავდროულად, კანონის უხეში დარღვევაა.

თათბირი მერთან

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს მერიის სამსახურების უფროსებთან ტრადიციული თათბირი ჰქონდა.

აღინიშნა, რომ მოსაწესრიგებელია გარე ვაჭრობის საკითხი; ასევე დასარეგულირებელია სხვადასხვა ქუჩებზე მძიმეწონიანი მანქანების განთავსების საკითხიც. ინფრასტრუქტურის კუთხით აღინიშნა, რომ უკვე დაიწყო ჯიხეთის გზის სარემონტო სამუშაოები, რისთვისაც 942 278 ლარია გამოყოფილი.
ორ აგვისტოს, ილიაობას, საგურამოში, სხვადასხვა კუთხის მონაწილეებს ლანჩხუთი უმასპინძლებს, რისთვისაც ამ დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის ანსამბლები საგურამოში არიან მიწვეულები.
თათბირზე მერმა თითოეულ სამსახურს საქმისადმი გულისხმიერება და კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოსთხოვა.

აგრო ტურისტული ფესტივალი

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში აგრო ტურისტული ფესტივალი „გურია 2018“ გაიმართა. ფესტივალის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ხელშეწყობა პროდუქციის რეალიზაციასა თუ მომსახურების გაწევაში.
მოეწყო ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურიის რეგიონის 50 - ზე მეტმა ფერმერმა, მეწარმემ და კოოპერატივის წარომადგენელმა. ფესტივალში მონაწილეობისა და ქართული პროდუქციის წარმოებისათვის ყველა მონაწილეს „მადლობის სიგელი“ გადასცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და პროექტის დირექტორმა ნანა თავდუმაძემ. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ “ გურიის განვითარების კავშირი/Guria Development Union პროექტის „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ და რომელშიც ჩართულია ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და ა(ა)იპ „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი პროგრესის სახლი". ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAo) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

უფასო გასინჯვები მაჩხვარეთში

მაჩხვარეთის საბავშვო ბაღის შენობაში, ლანჩხუთელებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გასინჯვები ჩაუტარდათ აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის ბათუმის ენდოკრინოლოგიის, მეტაბიოლოგიისა და დეიტოლოგიის ცენტრ „ენმედიცინის“ ექიმების მიერ.
დერმატოლოგი, ოტოლიროლარინგოლოგი, ექოსკოპოსტი, პედიატრი, თერაპევტი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი და კარდიოლოგი ყურადღებითა და შესაშური პროფესიონალიზმით უსმენდნენ პაციენტებს, რომლებიც ასევე დიდ კმაყოფილებას გამოთქვამდნენ ამ აქციის გამო.
აქციის ორგანიზატორის, კლინიკის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის, კობა კუნჭულიას თქმით, კლინიკა მსგავს აქციებს ხშირად ატარებს. 
"დღეს მაჩხვარეთში ვართ. ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობას შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. დიდი მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას მასპინძლობისთვის" - გვითხრა კუნჭულიამ.
თავის მხრივ პაციენტები მადლობას უხდიდნენ როგორც ექიმებს, ასევე მაჩხვარეთის საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას კეთლსინდისიერი დახვედრისთვის.

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია