26 | 06 | 2017

შუხუთი

შუხუთის ტერიტორიული ერთეული მდებარეობს ქალაქ ლანჩხუთის აღმოსავლეთით. იგი შედგება 2 სოფლისაგან.
ზემო შუხუთი - 252 მუდმივად მცხოვრები ოჯახი,
ქვემო შუხუთი - 440 მუდმივად მცხოვრები ოჯახი.
სულ შუხუთის ტერიტორიულ ერთეულში არის 896 ოჯახი
შუხუთში მდებარეობს წმიდა გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესია.
შუხუთის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულია

სოფელი შუხუთი ლანჩხუთიდან თბილისის მმართულებით ერთ კილომეტრზეა დაშორებული. იგი მთისძირიდან ვაკე ადგილისკენ იშლება და საავტომობილო ტრასის ორივე მხარეს არის განლაგებული. სამი მხრიდან შემოსაზღვრულია მეზობელი სოფლებით. აღმოსავლეთით ნიგოითი, დასავლეთით ლაშისღელე, სამხრეთით აცანა. ჩრდილოეთით აკრავს სახნავ-სათესი ფართობები და საძოვრები, რომელიც მდინარე რიონამდე ჩადის. იქ კი ესაზღვრება სამეგრელოს რეგიონს. აბაშის რაიონს. სოფელი გაყოფილა ზემო და ქვემო შუხუთის სოფლებად. ტოპონიმი შუხუთი მეცნიერების მიერ შესწავლილი არ არის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა   ხალხური თქმულებები ამის შესახებ. ერთი თქმულების მიხედვით ამ ადგილს თურქებმა უხუთი დაარქვს, რაც მათ ენაზე აუღებელს ნიშნავს.
ისტორიის ფოლიანტებში ტოპონიმი შუხუთი იშვიათად გვხვდება, მაგრამ საყურადღებოა ერთი ცნობა, დათარიღებული 1708 წლით. გურიის გლეხობის აღწერის მიხედვით, სოფელ შუხუთის გლეხობა მცირე მიწიანია და სულ 2-3 ქცევა მიწის პატრონიაო. (საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი ფ246 ს620 ფურცელი 173-181). ამ ცნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მინიმუმ მე-17 საუკუნეში არსებობდა ტოპონიმი შუხუთი, თუმცა სავარაუდოდ იგი გაცილებით ძველი უნდა იყოს, რადგან შუხუთის ტერიტორია ოდითგანვე დასახლებული ყოფილა, თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო. ამაზე მეტყველებს გასული საუკუნის სამოციან წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები, რომლის მიხედვით სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნია ადრე ბრინჯაოს ხანის სამუშაო იარაღები. ხოლო შემდეგ კი   ჩვენი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის პერიოდის ნივთები. მ.ხალვაშის საკარმიდამო ნაკვეთზე   ნაპოვნი იქნა მე-5-6 საუკუნეების ციხე-სასახლის ნაშთები, რომაული აბანოს, ე.წ.  "თერმა"-ს ტიპის ნანგრევები და აბანოს იატაკის მოზაიკური ფრაგმენტი, ასევე კერამიკული მილების საკმაოდ რთული სისტემა, ძვირფასი ნივთები   და ოქროს ჯვარი, რომელიც სავარაუდოდ მაღალი წოდების ადამიანს ეკუთვნოდა.   ამჟამად ეს ნივთები თბილისის ჯანაშიას სახელობის   ცენტრალური მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. ათიოდე წლის წინ კი, ამ არქეოლოგიური ნაშთებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, საავტომობილო ტრასის ქვემოთ იმნაიშვილის საკარმიდამო ნაკვეთზე, გათხრილი იქნა ეკლესიის ნანგრევები, რომელიც თავიდან გვიან შუასაუკუნეების ტაძრად მიიჩნეოდა, მაგრამ საძირკველში აღმოჩენილი იქნა ნიმუშები რომელიც ადასტურებს, რომ აქ მე-5-6 საუკუნის ტაძარი უნდა ყოფილიყო და მასზე დროთა განმვლობაში შენდებოდა სხვა ტაძრები. ამ აღმოჩენას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ამით იმ პერიოდის სურათის წარმოსახვა შეიძლება.
საქართველოს ისტორიას თუ ჩავხედავთ დავინახავთ, რომ მე-5-6 საუკუნეებში ქრისტიანობა, როგორც  სახელმწიფო რელიგია, ჯერ კიდევ არ იყო საყოველთაო მოსახლეობის ყველა ფენისთვის და იგი უფრო მეტად წარჩინებულთა რელიგიას წარმოადგენდა. მითუმეტეს დასავლეთ საქართველოს ამ ადგილებში. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მე-5 საუკუნეში ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული სამონასტრო ბერული და ასკეტური ცხოვრების   საეკლესიო წესები. ასეთი წესის დამკვიდრება მე-6 საუკუნეში 13 ასურელი წმ. მამის მიერ იქნა შემოტანილი და ისიც აღმოსავლეთ საქართველოში. მე-5-6 საუკუნეებში ქრისტიანული ტაძარი შეიძლება აშენებულიყო ან წარჩინებულთათვის ან კიდევ ისეთი ტიპის დასახლებისათვის, როგორსაც ციხე-ქალაქი წარმოდგენს. ამ ორ არტეფაქტს თუ ერთმანეთთან დავდებთ, მივიღებთ იმ დროის შესანიშნავ სურათს.
სოფლის მთისპირის გარკვეულ მონაკვეთზე ციხის გალავნის ნაშთები დღემდეა შემორჩენილი. ახლა წარმოვიდგინოთ ციხე-სიმაგრე, შიგნით სასახლე, სადაც იმ დროისათვის მაღალცივილიზებული რომაული ტიპის აბანოა აშენებული. სასახლე მხოლოდ ციხე-სიმაგრის პატრონის ან მთავრის შეიძლებოდა ყოფილიყო. იგი ვერ იქნებოდა რიგითი   წარჩინებული. ციხე სიმაგრეს რა თქმა უნდა თავისი მობინადრეები ჰყავს. სასახლის ნაშთებსა და იმნაიშვილის ეზოში ნაპოვნ ტაძარს შორის სულ რამდენიმე ასეული მეტრია. ტაძარი რომ მთავრის პირადი ეკლესია ყოფილიყო, იმ პერიოდის წესით იგი სასახლის გვერდით უნდა მდგარიყო. რადგანაც მოშორებით არის, სავარაუდოდ ციხე-ქალაქის მობინადრეებისთვის იყო განკუთვნილი. სახეზე გვაქვს ტიპიური ადრე შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი თავის მთავრით და მოსახლეობით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შუხუთის მიმდებარე ტერიტორია მდიდარია თიხამიწით და კირქვით. შუხუთის კირი მეცნიერულად დადასტურებულად საშუალო ხარისხის ცემენტის ტოლფასია და მისი გამოყენება სოფლის მეურნეობაში შესაწამლად არ შეიძლება. გალავნის და ეკლესიის ნაშთებში კირია გამოყენებული. იგი სავარაუდოდ ადგილობრივი წარმოებისა უნდა იყოს. ასევე ადგილობრივი უნდა იყოს კერამიკული მილებიც. სოფლის ტერიტორიაზე კირის და თიხის დიდი მარაგები იმის მანიშნებელია, რომ აქ თავის დროზე სერიოზული წარმოებები უნდა ყოფილიყო, რომელიც დააკმაყოფილებდა არა მარტო ადგილობრივ ბაზარს არამედ ექსპორტზეც იმუშავებდა. ასეთი სურათის დანახვა ლოგიკურია სოფელ შუხუთის არქეოლოგიური ნიმუშების მიხედვით. რა ერქვა ამ დასახლებას და რა როლს თამაშობდა ეს ციხე-ქალაქი იმ პერიოდის საქართველოს ისტორიაში და ვინ ცხოვრობდა აქ, დღემდე უცნობია. დასანანია, რომ მეცნიერებმა ჯერ ვერ მოიცალეს ამის გასარკვევად და ჯერ კიდევ ველოდებით ახალ აღმოჩენებს სოფლის ტერიტორიაზე.
სოფელში მოქმედი რამდენიმე ტაძარი არსებობს. წმ.გიორგის ტაძარი სოფლის ცენტრში. რესტავრაციის ფაზაში მყოფი  წმ. მარინეს ტაძარი ზემო შუხუთის   ძველ სასაფლაოზე, გორისგვერდის ღვთისმშობლის ეკლესია და იმნაიშვილის საკარმიდამო ნაკვეთში ნაპოვნი ტაძრის საძირკველზე აგებული წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია(ადრე იგი თურმე მთავარანგელოზის სახელს ატარებდა).
სოფელში არის სამსართულიანი საშუალო სკოლა. შუხუთში პირველი ორკლასიანი სასაწავლებელი მე-20 საუკუნის დასაწყისში მონაზონ მენიკი გრიგოლიას თაოსნობით გახსნილა. ხოლო 1928 წლიდან კი უკვე სრული საშუალო სკოლა ფუნქციონირებდა.
სოფლე შუხუთის ძირითდი სასოფლო სამეურნეო კულტურა სიმინდია. ყურძნის ჯიშებიდან ძირითად არის ადესა, ცოლიკაური, ნოე, ჭეიშვილი, კაჭიჭი. თუმცა აქ შეიძლება ნახოთ უნიკალური ჯიშებიც. ალადასტური, აზერბაიჯანული ქიშმიში, თითა, კამური და სხ. ხილის პრაქტიკულად ყველანაირი სახეობა ხარობს. ყველაზე დიდი რაოდენობით არის ტყემალი, თხილი, კაკალი,   კარალიოკი, მსხალი, ატამი, ბალი, ვაშლი. შუხუთში შეიძლება ითქვას მსხლის ცოცხალი ძეგლიც არსებობს, რომელიც აწ განსვენებული იორდანე იმნაიშვილის შემოქმედებაა. ერთ ხეზე სამი სხვადასხვა ჯიშის მსხალი იზრდება და გაზაფხულიდან შემოდგომამდე ამ ხეზე მწიფე მსხალი მუდმივად ასხია.
სოფელი მისდევს მესაქონლეობას. შუხუთის ტერიტორიაზე მცენარეთა ჯიშებიდან ყველაზე მეტად თხმელაა გავრცელებული. აქ ნახავთ როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან ჯიშებსაც: წაბლი, ცაცხვი, ვერხვი, კოპიტი, ცხემლა, ბზა, ალვის ხე, ტუნგო, ჯონჯოლის ხე, ნაძვი, ფიჭვი და სხ.

ცხოვლეთაგან გვხვდება კურდღელი, მაჩვი, ტურა, ღორი, ნუტრია, შველი, მგელი, პატარა მღრღნელები.

ფრინველთაგან ნახავთ ტყის ქათამს, შაშვს, მოლაღურს, მერცხალს, ბეღურას, შოშიას, იხვს, ბატს, ჭყიამპოს, წეროს, ყანჩას, ბუს, გუგულს და სხ.
სოფელს აკრავს რამდენიმე პატარა მდინარე, ხელოვნურად გათხრილი წყლის არხი და მდ.ფიჩორი სადაც შეგხვდებათ თევზების რამდენიმე სახეობა: ღორჯო, კობრი, გუწუ, წერი, ქორჭილა, კარასი, ნაფოტა და სხ.
შუხუთის ნიადაგი ძირითადად ნოტიო და ჭარბტენიანია. ზამთარი ზომიერად ცივია. იშვიათად ჩამოდის -5 გრადუსს ქვემოთ. თოვლი იცის მცირე ხნით. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 30-33 გრადუსია. ზღვის დონიდან განლაგებულია 0-80 მეტრის სიმაღლეზე.
სოფელ შუხუთის მოსახლეობა საკომლო წიგნების მიხედვით 2100-მდე ადამიანს ითვლის და 129 გვარის 700-მდე ოჯახი ცხოვრობს.
1.არევაძე-1 (ოჯახი) 2. აბულაძე-1; 3. ასათიანი-2; 4. ასკურავა-4; 5.ახალაძე-1; 6.აფხაძე-7; 7. ბერეჟიანი-1; 8. ბიბილეიშვილი-2; 9. ბუცურეიშვილი-1; 10. ბაუმი-1; 11.გაბაიძე-1; 12. გაბედავა-1; 13. გაბრავა-1; 14. გალუაშვილი-1; 15.გალოგრე-1; 16. გოგიჩაიშვილი-1; 17. გოგუაძე-28; 18. გვარჯალაძე-7; 19. გოგელია-1; 20. გოროზია-6; 21. გაბისკირია-1; 22 ბზეკალვა-43; 23. გურგენიძე-2; 24 გოგიბერიძე-2; 25. დავლაძე-1; 26.დოლიძე-19; 27. ერისთავი-1; 28. ზამბახიძე-1; 29. ზოიძე-1; 30. თავდიშვილი-2; 31.თავაძე-1; 32. იმნაძე-2; 33. იმნაიშვილი-81; 34. ინჯიბაშვილი-2; 35. იმედაიშვილი-2; 36. კახაძე-1; 37. კუცია-1; 38. კუკულავა-4; 39. კობალავა-6; 40.კლდიაშვილი-1; 41. კვიჭიძე-2; 42 კანკაძე-1; 43. კვერენჩხილაძე-1; 44-კალანდარიშვილი-9; 45. კოჩალიძე-2; 46. კომახიძე-1; 47. კვაჭაძე-1; 48. კუკულაძეE-2; 49. კეჭეყმაძე-2; 50. კალანდაძე-1; 51. ზენაიშვილი-1; 52. ლომინაძე-1; 53. ლომაძე-5; 54. მანტკავა-4; 55. მაჩიტიძე-1; 56. მილორავა-1; 57. მახარაძე-2; 58. მიქაბერიძე-2; 59. მორჩილაძე-2; 60. მელუა-1; 61. მოქია-5; 62. მოიწრაფიშვილი-1; 63. მგელაძე-5; 64. მიქელაძე-2; 65. მშვიდობაძე-6; 66. მუკმანიანი-3; 67. თედორაძე-1; 68. ნიკოლაიშვილი-8; 69. ნაჭყებია-2; 70. ოსეფაიშვილი-1; 71. პაპაშვილი-3; 72. პატარაია-3; 73. რუსიძე-2; 74. რამიშვილი-6; 75. საღრიშვილი-1; 76. სიხარულიძე-2; 77. სარიშვილი-1; 78. ტოროტაძე-6; 79. ტაბაღუა-3; 80. ტუღუში-11; 81. ორაგველიძე-140; 82. უგრეხელიძე-10; 83. ქანთარია-5; 84. სილაგავა-1; 85. ქიქავა-22; 86. ქელბაქიანი-1; 87. ღლონტი-1; 88. ღვანია-1; 89.ჩიჩუა-2; 90. ჩხაიძე-36; 91. ჩხარტიშვილი-2; 92 ჩხატარაშვილი-1; 93. ჩარგეიშვილი-1; 94 ჩახუნაიშვილი-3; 95. ჩიტიძე-2; 96. ჩახვაძე-3; 97. ჩიხლაძე-2; 98. ხოზრევანიძე-1; 99.ხურციძე-2; 100.ხუხუნაიშვილი-6; 101. ხაბეიშვილი-2; 102. ტაკიძე-2; 103. ფრანგულაიშვილი-3; 104.ფირცხალაიშვილი-63; 105.ფეიქრიშვილი-1; 106. ხვიჩია-1; 107. ჭანკვეტაძე-4; 108. ჭიჭილეიშვილი-6; 109.ჭიჭინაძე-1; 110.ჭუბაბრია-5; 111. ყორშია-1; 112. ხომერიკი-1; 113.ხვედელიძე-2; 114. ცეცხლაძე-1; 115. ცინცაძე-2; 116. ჩაგუნავა-2; 117. ჯაფარიძე-2;118. ჯინჭარაძე-1; 119. ჯორბენაძე-1; 120. ძაგნიძე-3; 121.შანიძე-1; 122. შავიძე-2; 123. ყიფშიძე-1; 124. შეროზია-1; 125. წულაძე-1; 126. ჟორდანია-2; 128. ხალვაში-1; 129. მუხაშავრია-1.
შუხუთის სავიზიტო ბარათი ლელოა.
სანამ ლელოზე დავწერთ, მანამ 153 წლის წინანდელი რუსეთ_თურქეთის(1854-1857წ) ე.წ. `ყირიმის ომის ერთი დეტალი უნდა გავიხსენოთ. 1855 წლის ზაფხულში, თურქეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფი ქობულეთის ბეგლარბეგი გახლდათ ჰასანბეგ თავდგირიძე. იგი წარმოშობით გურიის მაზრის (ამჟამად ლანჩხუთის რაიონის) სოფელ აკეთის მკვიდრი იყო. პატარაობაში ოჯახი ქობულეთში გადავიდა (სავარაუდოთ სისხლის გამო). პატარა ჰასანმა მუსულმანობა მიიღო. ჯერ ჯამეში, ხოლო შემდეგ ტრაპიზონის მედრესეში ისწავლა. მისმა ხალასმა ნიჭმა და ვაჟკაცურმა ბუნებამ მას ქობულეთის ბეგლარბეგობამდე მიაღწევინა. გადმოცემით ჰასანბეგს კარგი ურთიერთობა ჰქონდა გურულ გლეხობასთან, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ, მან გურულებს რუსეთთან კავშირის გაწყვეტა და თურქეთის მხარეს ბრძოლა შესთავაზა, რაზედაც გურულებისგან მტკიცე უარი მიიღო. ჰასანბეგ თავდგირიძე თავისი 9000-იანი ჯარით, სადაც გაერთიანებული იყვნენ ძირითადად გამუსულმანებული ქართველები და თურქი ასკერები, გურიას შემოესია. გადაკვეთა მდინარე ჩოლოქი სოფელ შეკვეთილთან, ბრძოლით გადაკვეთა აკეთი-მამათის ტერიტორია და მთის მხრიდან სოფელ ნიგოითში თავად მაჭუტაძეების სასახლეს შეუტია.  ასე შემოთვალა ჰასანბეგმა: ”რამდენი კაცის გამოყვანაც შეგიძლიათ იმდენს შეგებრძოლებითო”.  ისტორიიდან ცნობილია, რომ ქართულ მხარეს 2000 გურული მეომარი ე.წ. მილიცია და 500 რუსი ჯარისკაცი იბრძოდა. გურულებმა თავდგირიძის ჯარი ლანჩხუთისკენ გამოდევნეს და ამჟამინდელი სოფელ შუხუთის ცენტრში ე,წ. ”ცაცხვებთან” მოხდა ამ ბრძოლის მთავარი შეტაკება, რომელიც ისტორიაში ”შუხუთფერდთან” ბრძოლით არის ცნობილი. გადმოცემით ცნობილია, რომ ამ ცაცხვების ქვეშ თავდგირიძის იმ ბრძოლაში დაღუპული მეომრები მარხია. ისტორია ასე აღწერს ამ ბრძოლას. გურულებმა სულ ხელის კვრითა და ლელოს გატანით გადაყარეს თავდგირიძის ჯარები სუფსის გადაღმაო. ამ ბრძოლაში დაიღუპა ჰასანბეგ თავდგირიძე. ”აზნაური ერასტი ჭყონია მიუვარდა ცხენდაცხენ ჰასანბეგს და ხმლის ერთი დაკვრით თავი გააგდებინა. ისე დაჰკრა, რომ თავი ცხენის ერთ მხარეს გადავარდა, ხოლო ტანი მეორე მხარეს”. როგორც ცნობილია, იმ ბრძოლაში 5000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა თავდგირიძის არმიიდან, ხოლო გურულებმა სულ 300-მდე დაკარგეს. აქედან უმრავლესობა რუსი ჯარისკაცი იყო. დაღუპული ჰასანბეგ თავდგირიძე მისმა ღვიძლმა ბიძაშვილმა და მის წინააღმდეგ მებრძოლმა, გურულების ერთერთი რაზმის მეთაურმა ყარამან თავდგირიძემ და გურულმა მხედრებმა დაასაფლავეს დიდი პატივით, ხოლო ხალხმა ჯერ ლექსი უძღვნა ამ ისტორიას, ხოლო შემდეგ კი ქართული ფოლკლორის უბრწყინვალესი ნიმუში შეიქმნა ”ჰასანბეგურას” სახით, რომელიც გადმოცემით პირველად ლანჩხუთის მაცხოვრებელმა გურულებმა იმღერეს.
სულ ჰასანბეგურას 19 ვარიანტი არსებობს. ერთერთის ტექსტი ასეთია:

”ჰასანბეგი თავდგირიძე გარისხული ღვთისგან მეტი,

თათრის ფაშობა იშონა სულ მთლად დეივიწყა ღმერთი,

შეკვეთილში შემევიდა, იძახოდა ოლან გეთი.

გზას ვიყავით მილიცია, რუსის ჯარი მეტად ცოტა,

ცხრა ათასი თათრის ჯარი წინ შემოგვხვდა, გვებოროტა.

ლანჩხუთში რომ შემევიდა, ბრძოლა მოხდა შუხუთფერდთან

გეიქცნენ და ჩეირიენ, მფრინავები ეიშალა,

ცხრა ათასი თათრის ჯარში ხუთასმა ძლივს გაამშრალა.

ჩემი ძმაი ჰასან ფაშა თავმოჭრილი დევინახე,

რადგან ძმაი იყო ჩემი, ვაიმეო დევიძახე,

ბოლოს მაინც მე დავმარხე”.
ლექსიდან პირდაპირ ჩანს, რომ იგი ყარამან თავდგირიძის პირით არის ნათქვამი.
ახლა კი ლელოს თამაში აღვწეროთ. ”ლელო” უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გატანას ნიშნავს. შუხუთის ლელოს წესები ასეთია. ბურთი იწონის ერთ ფუთს(16 კგ-ს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს მივიწყებულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის და კიდევ რაღაც ინგრედიენტების (უცნობია შემადგენლობა) ნაზავია. ამას მოთამაშეებსაც ასმევდნენ ერთ ყლუპს. ეს ნაზავი ადამიანს ძალას და გამბედაობას ჰმატებს. სოფლის ცენტრში მოხაზული ადგილიდან, სავარაუდოდ იმ ადგილას, სადაც შუხუთფერდის გადამწყვეტი შეტაკება დაიწყო, 400 მეტრის აქეთ-იქით ორივე მხარეს, ორი პატარა ღელე ჩამოდის. შეადარეთ: თავდგირიძის მიზანი გურული მხედრობის რიონს გადაღმა გადაყრა იყო. გურულების კი თავდგირიძის სუფსის გადაღმა გაგდება. ფუთიანი ლელოს ბურთი თავისთავად ბრძოლის სიმძიმის აღმნიშვნელია. მნიშვნელობა არ აქვს რომელ მხარეს რამდენი მოთამაშეა. უბრალოდ ვინც მეტ ძალას აგროვებს ის იმარჯვებს. შეადარე თავდგირიძის შემონათვალს ”რამდენი კაცის გამოყვანაც შეგიძლიათო” ლელოს მხოლოდ ერთადერთი რაინდული წესი აქვს. თუ ვინმე წაიქცა თამაშის დროს, თამაში ჩერდება. ”წაქცეულს არ ურტყამენ”. თამაში ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც ისტორიაში ბრძოლაა აღწერილი. ”ხელის კვრითა და ლელოს გატანით”. გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად. შეადარეთ: ბრძოლის მიზანი იყო მოწინააღმდეგის მდინარის მეორე მხარეს გადაგდება. თამაშის ფინალი ანუ გამარჯვების საზღაური მუდამ ერთია. ორივე მხარე თავისთვის ჩაუთქვამს რომელიმე გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანის ან ფრიად საპატივცემულო პიროვნების საფლავზე ბურთის ატანას, სულთათანას თქმას და შესანდობარის დალევას. დათმობა არ მოდის. გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები დამარცხებულებთან ერთად მიდიან საფლავზე და იქ შესანდობარი ისმება არამარტო იმ მიცვალებულის, სადაც ბურთი მიდის. სხვა დასასრული ამ თამაშს არასდროს ჰქონია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ საფლავიდან ბურთი დაკარგულიყოს.შეადარეთ: ”შუხუთფერდთან” ბრძოლაში ერთმანეთს სისხლით და ტომით ერთნი, მაგრამ სხვადასხვა სარწმუნოების ქართველები ებრძოდნენ. გამარჯვებულმა დამარცხებული, საკუთარი მიცვალებულის მსგავსად დაიტირა და დიდის პატივით მიაბარა მიწას. შუხუთის ლელოს იდენტურობა 153 წლის უკან ”შუხუთფერდის” ბრძოლასთან ცალსახად აშკარაა. სწორედ ამ ბრძოლის აღმნიშვნელი რიტუალია ლელოს თამაში აღდგომის ”დღეს სოფელ შუხუთში. ისეთივე, რიტუალი, როგორიც ხორუმია ცეკვა, უძველესი ბრძოლისწინა როკვის რიტუალი. და როგორც ხორუმი იმეორებს თავის თავში ბრძოლის ელემენტებს, ისე ლელო 150 წელზე მეტია იმეორებს მის წიაღში გამართული საკვირველი ბრძოლის რიტუალს.
თამაზ იმნაიშვილი
ჟურნალისტი